საქართველოს ეროვნული ბანკი უძრავი ქონების სექტორში საკრედიტო წესების ცვლილებებზე მუშაობს, რომელიც დეველოპერების შიდა განვადებების პრაქტიკის შემცირებას და იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. სებ-ში აცხადებენ, რომ ცვლილებები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებს გააძლიერებს და მომხმარებელთა უფლებებს უკეთ დაიცავს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეველოპერულ სექტორში შიდა განვადებების ფართო გამოყენება დაკავშირებულია კაპიტალის მოზიდვაზე არსებული შეზღუდვებით. მოქმედი წესებით, კომპანიებს, რომლებიც სააქციო კაპიტალის კონკრეტულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ, ბანკებიდან დაფინანსების მიღება უჭირდათ, რის გამოც ისინი შიდა განვადებებს უფრო აქტიურად იყენებდნენ.
სებ-ის მიერ ინიციირებულ ცვლილებებს შორის არის დეველოპერების დაფინანსების წესების განახლება, რაც კომპანიებს საბანკო რესურსებზე უფრო მარტივ წვდომას მისცემს და შიდა განვადებების ეტაპობრივ ჩანაცვლებას იპოთეკური სესხებით შეუწყობს ხელს.
"მიმდინარეობს მუშაობა უძრავი ქონების დეველოპერი კომპანიების დაფინანსების წესის განახლებაზე, რაც მათ შორის მოიცავს მსესხებლის ადეკვატურ თანამონაწილეობას კაპიტალის სახით და აღნიშნულ სექტორზე იპოთეკური სესხების გაცემის მიმართულებას. იდგმება ნაბიჯები რომელიც ხელს შეუწყობს დეველოპერული სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შიდა განვადებების იპოთეკებით ჩანაცვლებას, რის შედეგადაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების გათვალისწინებით მომხმარებელთა უფლებები მეტად იქნება დაცული. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს დეველოპერული სექტორის მდგრად განვითარებას, ასევე იპოთეკის მომხმარებლების უკეთ დაცვას, ვიდრე ეს შიდა განვადებებისას ხდება," - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, ცვლილებები სექტორისთვის „საკმაოდ მნიშვნელოვანია“, რადგან ისინი ამცირებს რისკების კონცენტრაციას შიდა განვადებებში და აუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას. მისი შეფასებით, ახალი მოთხოვნები დეველოპერებს ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის საბანკო დაფინანსების მოსაზიდად.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე სამუშაოები ავანსის მოთხოვნის შემცირებით მსესხებლებისთვისაც გაამარტივებს იპოთეკური სესხების მიღებას. მისივე თქმით, სებ-ის მიერ შეთავაზებული ახალი ინსტრუქციები გამარტივებისკენ არის მიმართულებული.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც დეველოპერული სექტორის მდგრად განვითარებას, ისე იპოთეკის მომხმარებელთა უკეთ დაცვას, რადგან იპოთეკური სესხები უფრო მკაფიო რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, ვიდრე შიდა განვადებები.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა ბანკებმა სულ 37,371 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.7%-ით, ანუ 4,958-ით არის შემცირებული. თუმცა, იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 5%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 3.2 მილიარდ ლარს შეადგენს (მატება 156 მილიონი ლარი).




























