„ჩვენს ეკონომიკაზე ცუდი გავლენა ექნებოდა ამ არჩევნებში ნაცმოძრაობას რომ გაემარჯვა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან BMG-ის კითხვაზე, დასავლეთის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობის შემთხვევაში, როგორი იქნება გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობაზე, განაცხადა, რომ შედეგების არ ცნობა შეუძლებელია და ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში იქნებოდა.
„შეუძლებელია, რომ ამ არჩევნებში გამოხატული ქართველი ხალხის ნება ვინმე არ ცნოს. ამის არ ცნობის ერთადერთი გზაა, რომ მაშინ ქართველი ხალხი უნდა გაგვაუქმონ და 1.2 მლნ ადამიანი გადაგვასახლონ ამ ტერიტორიიდან.
ჩვენს ეკონომიკაზე ცუდი გავლენა ექნებოდა ამ არჩევნებში ნაცმოძრაობას რომ გაემარჯვა. აი მერე გენახათ ეკონომიკაზე გავლენა, ეკონომიკური კრიზისი და კოლაფსი, თუ არა პირდაპირ ცხელი ომი. რას გვპირდებოდა ოპოზიცია, სანქციების დაწესებას ხომ გვპირდებოდა?“,- თქვა შალვა პაპუაშვილმა.
BMG ასევე დაინტერესდა, როგორ აფასებს შალვა პაპუაშვილი წინასაარჩევნოდ ეროვნული ბანკის მიერ უპრეცედენტო მასშტაბის - 213 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენციებს. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი ძალიან გამართულად მუშაობს.
“ჩვენ წინასაარჩევნოდ ვიყავით ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი. ვხედავდით, რომ იყო დეზინფორმაციული საინფორმაციო თავდასხმა საქართველოზე. შეგახსენებთ, რომ ის მანიპულაციები და ტყუილები, რაც ვრცელდება არჩევნებთან დაკავშირებით არც ერთმა ე.წ. Fact check ორგანიზაციამ, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, არ ამხილა.
რა თქმა უნდა, ამ ჰიბრიდული თავდასხმის მიზანი არის ერთი მხრივ საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანა, რომელიც შეიძლება ასევე ითარგმნებოდეს ხოლმე ეკონომიკურ აქტორებს შორის დაბნეულობის შემოტანაში, რაც შესაბამისად შეიძლება აისახოს სხვადასხვა მიმართულებით. ეროვნული ბანკი ამიტომაც არის და რეზერვები ამიტომაც გვაქვს, რომ ასეთ დროს, როდესაც ასეთი მავნე თავდასხმები ხდება საქართველოზე ქვეყნის შიგნიდან და გარედან, ეს რისკები აარიდოს. როგორც ხედავთ, შედეგებით ეროვნული ბანკი ძალიან გამართულად მუშაობს, ბევრ ასეთ ბანკს შეშურდებოდა, რომ ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორშიც ვართ, ასეთ არასტაბილურ რეგიონში და ასეთი პირდაპირი საინფორმაციო თავდასხმის პირობებში, როგორშიც ვიყავით წინასაარჩევნოდ და ახლაც, ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა ჩვენი ვალუტის სიმყარე.
ვხედავთ ხოლმე, რომ არის ბევრი მსურველი, განსაკუთრებით ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის წევრი, ბატონი რომან გოცირიძე გამოირჩევა, რომელსაც ალბათ მისი გაუფასურებული კუპონი ღამეც ესიზმრება ხოლმე, ცხოვრების დაღად აქვს დასმული, და ყვავივით დასჩხავის ჩვენს ლარს, რომ იქნებ რაღაც დამართოს ლარს, მაგრამ ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი ძალიან გამართულად მუშაობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.