ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი ხელბურთის ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობისადმი მიძღვნილ 1 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას უშვებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხელბურთის თემაზე მონეტის გამოშვების თხოვნით ხელბურთის ფედერაციამ მიმართა.
"საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წელს მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური და მონაწილეობა მიიღეს უდიდეს სახელბურთო ფორუმში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წელი სრულდება.
„ხელბურთი 2026“ მონეტის დიზაინის ესკიზი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის (დიზაინერი გ. ჟღენტი) მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. დიზაინის სრულყოფა და მონეტების დამზადება ყაზახეთის ზარაფხანაში ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა", - წერია ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მონეტები 3000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 200 ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტის გაყიდვა 12 იანვარს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიებში.



























