ერთპარტიული პარლამენტი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს "ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ სებ-ის საბჭოში 4 ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატებს უსმენდა.
კომიტეტმა ოთხივე ერთხმად დაამტკიცა. ოთხეულში ერთ-ერთია სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ოთარ შამუგია, რომელმაც კომიტეტზე თქვა, რომ ლარს ამ მდგომარეობით მერყეობის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეროვნული ბანკის კურსთან მიმართებით მოქმედება კი, ზომიერი, სტაბილური და სწორია.
"ჩვენ ვხედავთ ამ წლების განმავლობაში, რომ ინფლაცია დაბალია. ლარის კურსთან მიმართებით არის გარკვეული მერყეობები, მაგრამ ეს არ არის განპირობებული ფუნდამენტური ფაქტორებით. ეს არის გამოწვეული მეტწილად მოლოდინებით. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი ჩემი აზრით მოქმედებს ზომიერად, სტაბილურად და სწორად და არ აკეთებს ხისტ ჩარევას ამ პროცესში. ვინაიდან ხედავს, რომ ეს პროცესები არა ფუნდამენტური ფაქტორებით, არამედ კონკრეტული შოკებით და არასტაბილური ვითარებითაა გამოწვეული, რომელიც შემდგომ წყნარდება. ამ პროცესს ჩვენ ბოლო პერიოდში ხშირად ვხედავდით და ვხედავთ, რომ ლარი შემდგომში უბრუნდება ძველ მაჩვენებელს.
ამ ეტაპზე, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ჩვენ ვერ ვხედავთ ეკონომიკაში რაიმე ისეთ გამოწვევას ამ [ლარის კურსის] კუთხით. თუმცა, გავიმეორებ, რომ ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები. დღევანდელი რეალობით, რაიმე საფრთხე ლარის სტაბილურობას არ ემუქრება", - განაცხადა შამუგიამ.
ამჟამად, ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავაა. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.
2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პირობებში, 2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. ასევე, პარლამენტმა არ განიხილა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა, რომელიც ზურაბიშვილმა საბჭოს წევრობისთვის 2024 წელს წარადგინა.