დაბალი დოლარიზაცია არის ყველას ინტერესში, ეს არის მოსახლეობის, სახელმწიფოს, ინვესტორების, კომერიცული ბანკების თუ სხვა ფინანსური სექტორის ინტერესში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
"შემუშვებული გვაქვს ე.წ. 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც 3 ძირითადი მიმართულებით არის კონცენტრირებული. პირველი ეს არის ლარის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა და ეს ეხება გრძელვადიან ლარის სესხებს. ამისათვის თქვენ იცით, რომ ბოლო წლებში არსებობს ლარის გრძელვადიანი, იპოთეკური სესხები და ამ მიმართულებით არის კიდევ ნაბიჯები გადასადგმელი. მეორე მიმართულება არის ქვეყანაში სავალუტო რისკების ადეკვატური გადანაწილება. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მცირე ზომის სესხები დასაშვები იქნება მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ეს არ გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, როგორც არ გამოუწვევია საპროცენტო განაკვეთების ზრდა, როდესაც გავზარდეთ სარეზერვო მოთხოვნები ზაფხულში. პირიქით, გრძელვადიან პერიოდში ეს ქვეყანაში გამოიწვევს რისკების და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მცირე ზომის მსესხებლისთვის ძალიან ხარჯიანი არის რისკების შეფასება და მართვა. ამ ღონისძიებამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილ სესხებში დოლარიზაციის ზრდა, თუმცა მსხვილ კომპანიებს აქვთ გაცილებით მეტი რესურსი და შესაძლებლობა, რომ გაცვლითი კურსის და სხვა ფინანსური რისკების ადეკვატური მართვა განახორციელონ", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

























