მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნული ბანკი "ოცნების" დანაშაულის თანამონაწილეა" - გოცირიძე სებ-ს მოუწოდებს განმარტოს, რატომ ყიდის რეზერვებს

გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იმაზე მეტ სავალუტო რეზერვს ყიდის, ვიდრე ეს ღია აუქციონებით ხდება ცნობილი. იგი მარეგულირებელს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მოქმედებებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, განუმარტოს მოქალაქეებს - რატომ ყიდის ამ მოცულობის რეზერვებს.

მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებული სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 170 მილიონი დოლარის გარდა, ზუსტად ამდენივეა გაყიდული BMatch-პლატფორმით, რომლის შედეგები თვის ბოლოს ქვეყნდება. გოცირიძის თქმით, სებ-მა ბოლო 2 თვეში ჯამში 400 მლნ დოლარი გაყიდა, რაც ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების 10%-ია.

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ანტიდასავლურმა რიტორიკამ ინვესტორების, ბიზნესის და მოქალაქეების მხრიდან გარკვეული უნდობლობა გამოიწვია, რამაც სავალუტო ბაზარზე თავისი უარყოფითი გავლენა იქონია და ლარს ძირი გამოუთხარა.

„პრეტენზია ეროვნული ბანკის მიმართ ის კი არ გვაქვს, რომ ის ინტერვენციებს ახორციელებს, არამედ პრეტენზიები იმ კუთხით გვაქვს, რომ ეროვნული ბანკი იმ დანაშაულის თანამონაწილეა, რასაც საქართველოს მთავრობა ჩადის, ხელს აფარებს „ქართული ოცნების“ ამ დანაშაულებრივ პოლიტიკას, არ ამბობს რატომ უწევს ინტერვენციების განხორციელება. არ ამბობს რამდენი მილიონი გაყიდა სავალუტო ბაზარზე - ერთია ღია აუქციონები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, დაახლოებით $150 მლნ-მდე გაყიდა ამ ორ თვეში და მეორეა ფარული აუქციონები ე.წ. BMatch პლატფორმით, რომლის შედეგსაც ძალიან გვიან ვიგებთ. ამ პლატფორმაზე მიდის გაჩაღებული ვაჭრობა ყოველდღიურად 5-10-20 მილიონი დოლარი იყიდება და ამ ფაქტს ეროვნული ბანკი მალავს და იმ ღია ინტერვენციებს, რომლებსაც ვხედავთ, ხსნის რაღაც ცალკეული მოთხოვნებით, ვითომ ბიზნესს რაღაც მოთხოვნა გაუჩნდა“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი და დასძენს: „დღეს ასეთი ვითარებაა, ლარის გადარჩენა ფაქტობრივად ამომრჩეველზეა დამოკიდებული, ვინაიდან არჩევნების შედეგით გავიგებთ იქნება სტაბილური თუ არა ვალუტა, თუ დავუბრუნდებით 90-იან წლებს. ამიტომ არ უნდა ჩავიდინოთ საბედისწერო შეცდომა.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ეროვნულ ბანკს - იყოს ღია თავისი მოქალაქეების წინაშე და გულწრფელად ახსნას, რატომ დასჭირდა 400 მლნ დოლარზე მეტის ვალუტის რეზერვის გაყიდვა ამ 1.5 თვის განმავლობაში. რა ელის ქვეყანას არჩევნების შემდეგ? როდესაც ყველა მეგობარი გადავიმტერეთ. მეგობრების გარეშე დარჩენილი ქვეყნის ფინანსური სისტემა ჩამოიშლება. ლარის გადარჩენა დამოკიდებულია ჩვენზე. დარჩენილია ორი დღე. შემდეგ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების და ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ლარიც სტაბილური იქნება და ქვეყანაც განვითარდება ევროპული მმართველობით.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ანტიდასავლურმა რიტორიკა ინვესტორების დაფრთხობის მიზეზი გახდა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამამ ლარს ძირი გამოუთხარა“, - ამბობს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი.

რომან გოცირიძე წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას „უმძიმესად“ აფასებს და ამბობს, რომ ფარული თუ ღია ინტერვენციებით სებ-ი ლარის კურსის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ეს უპრეცედენტოდ დიდი თანხებია.

„ქვეყნის საფინანსო სისტემაში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. „ქართული ოცნების“ უგუნურმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით ბოლო ორ თვეში, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, იმაზე დიდი ზიანი მიაყენა ლარის სტაბილურობას ვიდრე პანდემიამ. არნახული რამ ხდება ეროვნულ ბანკში. სექტემბერ-ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად 400 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა. ეს წარმოუდგენელი რამ არის და საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა, მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში იყო კარანტინი, პანდემია მძვინვარებდა და ქვეყანაში 17 200 ადამიანი მოკვდა ამ საშინელი ვირუსის გამო. 2020 წლის ოქტომბერში როდესაც არჩევნები და ამავე დროს პანდემია იყო, ეროვნულმა ბანკმა 200 მლნ დოლარი გაყიდა. წელს, ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა 300 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა, ხოლო სექტემბერში - დაახლოებით 100 მლნ დოლარი. ანუ ჩვენი რეზერვების დაახლოებით 10% ორი თვის განმავლობაში ფაქტობრივად აორთქლდა და ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ვითარებაზე უნდობლობის სახით რეაგირებს ბიზნესი, მოქალაქეები, ინვესტორები. მაგრამ არავინ იცის რეალურად როდის დაიწყება ქვეყანაში სავალუტო შიმშილი, როცა ის გათვალისწინებული დახმარებები აღარ შემოვა. თუ კი გაყალბებით „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, ეს კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს.

რომ არა ეს 400-მილიონიანი ინტერვენცია, დღეს ლარი ფაქტობრივად არ იარსებებდა“, - აცხადებს გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები