წლიური ინფლაცია 2016 წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელზე დაბალი იყო. მარტში, წლიურმა ინფლაციამ 4.1% შეადგინა და მცირედ ჩამორჩება 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს.
ეროვნული ბანკის კვარტლური ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის შემცირება საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე აშშ დოლარის შესუსტების ფონზე, ლარის დოლართან მიმართებაში გამყარებამ და, შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინების შემცირებამ განაპირობა. ასევე როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ინფლაციის შემცირებაზე მოსალოდნელზე მკვეთრი გავლენა ჰქონდა ნავთობის შემცირებული ფასის გადმოცემას ადგილობრივ ფასებზე.
პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტალებში ზომიერად შემცირდება და მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში იგი მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.
2017 წელს მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ს, ხოლო 2018 წლიდან 3%-ს შეადგენს.
"ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის შემცირებული ფასები", - განმარტავენ სებ-ში.
ძირითად რისკ ფაქტორს კვლავ საგარეო სექტორი წარმოადგენს. პროგნოზის საბაზო სცენარი გულისხმობს, რომ საგარეო ფაქტორების უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე დამატებით აღარ გაუარესდება. "შესაბამისად, თუკი რეგიონის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი მოსალოდნელზე მეტად გაღრმავდება ან მოსალოდნელზე ინტენსიური იქნება აღნიშნული შოკის გადმოცემა, პროგნოზთან შედარებით გაუარესებულ სურათს მივიღებთ. ამის საპირისპიროდ, პროგნოზთან შედარებით პოზიტიური გავლენა ექნება მოსალოდნელზე მეტად გაზრდილ უცხოურ ინვესტიციებს ან/და კერძო თუ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ინფლაციის პროგნოზს რისკები როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით აქვს. კერძოდ, წინა წელს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაუფასურების შემდეგ, თუკი მათ მნიშვნელოვან გამყარებას ექნება ადგილი, ეს მათთან არსებული ინფლაციის საქართველოში იმპორტირებული საქონლის ფასებზე გადმოცემას გააძლიერებს, რაც ინფლაციის დროებითი ზრდის განმაპირობებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ასევე რისკის შემცველია სურსათისა და ნავთობის ფასები, რომელიც სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და მეტწილად მიწოდების ფაქტორებზეა დამოკიდებული. პროგნოზის საბაზისო სცენარი 2016-2017 წლებში ნავთობის ფასების შემცირებულ დონეზე დასტაბილურებას გულისხმობს. შესაბამისად, თუკი მისი ფასი მოსალოდნელზე მეტი იქნება, ეს ინფლაციის პროგნოზირებულთან შედარებით ზრდის რისკს შექმნის. მეორე მხრივ, პროგნოზთან შედარებით უფრო დაბალი ინფლაცია შეიძლება განაპირობოს ზოგიერთ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ვალუტის მოსალოდნელზე მეტად გაუფასურებამ ან ნავთობსა და სხვა სასაქონლო ჯგუფებზე ფასების კიდევ უფრო მეტად შემცირებამ. ინფლაციის პროგნოზში რისკის შემცველია ეკონომიკური აქტივობაც, რომელიც თუ მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა, ინფლაციის პროგნოზთან შედარებით ზრდას განაპირობებს, ხოლო თუ ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე დაბალი იქნება ეს ინფლაციის პროგნოზთან შედარებით შემცირებას განაპირობებს", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

























