საქართველოს ეროვნული ბანკიდან კიდევ ერთი თანამშრომელი წავიდა.
როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, თანამდებობა სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა ეკა ბერიანიძემ დატოვა.
ინფორმაცია bm.ge-ის თავად ეკა ბერიანიძემ დაუდასტურა, მაგრამ მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.
ეკა ბერიანიძე საქართველოს ეროვნულ ბანკში 2016 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ის ჩართული იყო საფინანსო სექტორში კონკურენციის მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესებში.
Bm.ge-ის ინფორმაციითვე, საქართველოს ეროვნული ბანკიდან კიდევ ერთი თანამშრომლის წასვლა სებ-ში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება, რომელიც ნათია თურნავას მიერ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემას მოჰყვა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკიდან იურიდიული დეპარტამენტის უფროსი წავიდა. უფრო ადრე, სებ-ი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა დატოვა. საკადრო ცვლილება განხორციელდა ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტშიც, რომლის უფროსი ნათია თურნავას მრჩევლად დაინიშნა, ხოლო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გიორგი ფერაძემ დაიკავა.
ნათია თურნავას ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება იყო მიზეზი, რატომაც სებ-ის სამმა ვიცე პრეზიდენტმა - არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. ნათია თურნავას მრჩევლობაზე უარი თქვა გიორგი ბაქრაძემაც.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს. ნათია თურნავამ აღნიშნული ბრძანება აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ გამოსცა.