მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის ახალი ინიციატივა დაკრედიტების პროცესის ხელშეწყობისთვის

5eb94ac8992cb
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.20 16:54
1779
საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სისტემის ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროგრამას იწყებს. სებ-ის განმარტებით, კომერციულ ბანკებს მათში არსებული უცხოური ვალუტის რესურსის უზრუნველყოფაში ჩადების სანაცვლოდ, ეროვნული ბანკისგან ლარის რესურსის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ეს კი ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან სვოპის ხელშეკრულებებს გააფორმებს. ლარის რესურსი, რომელსაც ბანკები უცხოური ვალუტის უზრუნველყოფაში ჩადების სანაცვლოდ მიიღებენ, ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტების გასაზრდელად მიიმართება. 

ეროვნული ბანკის განცხადება:

"საქართველოს ეროვნული ბანკი, COVID-19 - ის ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების საგანგებო გეგმის ფარგლებში, ეკონომიკის საფინანსო სერვისებით შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

ამ ეტაპისათვის, საფინანსო სისტემას ლიკვიდობის ჭარბი რესურსი და სათანადო ბუფერები აქვს. თუმცა, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და საჭიროა შესაბამისი რესურსის მიწოდება რათა დაკრედიტება შეუფერხებლად და ლიკვიდურობის შემცირებული რისკის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით გაგრძელდეს. საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორისთვის ლარის რესურსის მიწოდებას ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტების საშუალებით უზრუნველყოფს. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, უცხოურ ვალდებულებებზე სარეზერვო მოთხოვნები ლიკვიდობის მიწოდების დამატებით ბუფერს წარმოადგენს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ახალი ინსტრუმენტები, რაც კომერციულ ბანკს საშუალებას აძლევს უცხოური ვალუტის უზრუნველყოფის საშუალებით მყისიერად, დაბალი დანახარჯებით და დამატებითი რისკების აღების გარეშე მიიღოს ლარის რესურსი. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ლიკვიდობის მიწოდების ხელშემწყობი სხვა ინსტრუმენტების ამოქმედებაზე.

დამატებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების თანახმად, 2020 წლის 1 - ლი მაისიდან, ერთი წლის განმავლობაში, ბანკებს შეუძლიათ ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ და ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნა (ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი - LCR) მათი საშუალებით დაიცვან. საჭიროების შემთხვევაში, ბანკები ლარის რესურსს სვოპ ოპერაციების გამოყენებით მიიღებენ.

აღნიშნული ღონისძიებების საშუალებით ლარის ლიკვიდობის მართვა ბანკებისთვის უფრო მოქნილი და ეფექტური ხდება. ხოლო ლიკვიდობის შემცირებული რისკის შედეგად, ეს ცვლილებები ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს,"-ნათქვამია განცხადებაში.

BMG ამ პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციას მალევე შემოგთავაზებთ.