„ჩემი დაკვირვებით, ვალუტის ასეთი ტიპის რყევები 20-დან 25 პუნქტამდე ადის ხოლმე და როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამ დროს ინფლაციისკენაც გადიხარ. ამიტომ თუ 20-ს მივუახლოვდით, იქ ინფლაციისკენაც გავალთ.
ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი თავის კანონიდან გამომდინარე სწორად იქცევა, რადგან ის ჩავკეტეთ მხოლოდ ინფლაციის თარგეთირებაში და გასაგებიც არის, თუმცა მე თუ მკითხავთ, ესეც გადასახედია სამომავლოდ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებები გასაფართოვებელია“-ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან კაკულიამ გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
მისივე თქმით, განვითარების იმ ეტაპზე, სადაც ახლა ვართ, ჩვენი ეკონომიკა სხვა ტიპის ჩარევებს მოითხოვს, ამიტომაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებები გასაფართოვებელია.
„დღეს ქვეყანაში თავის მართლების რეჟიმი არ იქნება სწორი. ცხადია არის წარმატებებიც, დადებითი მომენტებიც, ზრდაც, თუმცა საკმარისი არ არის და პროგრესი ვერ ეწევა პრობლემების დაგროვების ტემპს - ეს არის რეალობა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ,“ განაცხადა რომან კაკულიამ.

























