მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული გამოცდების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის შემდეგ შედეგების ნაწილის ნახვა გამოცდაზე იქნება შესაძლებელი

573c244b4886a
BM.GE
18.05.16 12:09
2649
საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება. სასწავლო წლის საგამოცდო ტესტებზე, სიახლეებსა და მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ "საქმიან დილასთან" გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე საუბრობს.

- ბატონო ივა, როგორ ემზადებით და რა სიახლეებია საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით?

- ჩვენი ცხელი ზაფხული ასე მგონია, რომ სექტემბერ-ოქტომბერში იწყება, როგორც კი ერთიანი ეროვნული გამოცდები მთავრდება. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს რაც შეეხება, მზადება პრაქტიკულად დასრულებულია, სკოლებში კომპიუტერული აღჭურვილობა გამართულია. ყველა ის სკოლა, სადაც გამოცდა ტარდება შემოწმებულია. ცხადია, შეიძლება რამე შეფერხება იყოს, ამისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ერთის მხრივ, ინტერნეტის ყველა პროვაიდერთან, ენერგეტიკის ყველა იმ უწყებასთან, ვინც ენერგომომარაგებაზეა პასუხისმგებელი. როგორც წესი, ყველაფერი წესრიგშია.

- რა სიახლეები იქნება წელს, ელექტრონულ ტესტირებაზე გვიამბეთ და შარშანდელთან შედარებით შეცვლილი რა არის?

- თუ კი გამოსაშვებ გამოცდებში დიდი ცვლილებები და სიახლეები არ არის, მისაღებ, ეროვნულ გამოცდებში, რომელიც 1 ივლისს დაიწყება ბევრი სიახლეა და ძირითადი სიახლე სწორედ ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლაა. ძალიან ვღელავთ, მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.

- როგორი იქნება ნახევრად ელექტრონული ფორმატი?

- კანდიდატი ადგილს სექტორში დაიკავებს, სადაც ორი მაგიდა დახვდება, ერთ მაგიდაზე ეკრანი იქნება და ფურცელი შავი სამუშაოსთვის და შეფასებისთვის პასუხების ფურცელი.

- რა არის ამ გამოცდის უპირატესობა?

- დავალებას წაიკითხავენ ეკრანზე და პასუხს ფურცლებზე გასცემენ, ამიტომ ჰქვია ნახევრად ელექტრონული.

- მომავალ წელს შესაძლოა მთლიანად ელექტრონულ სისტემაზე გადავიდეთ?

- მომავალ წელს ალბათ არა, მაგრამ ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც სრულებით ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა ის რესურსი გამოვიყენოთ, რაც ციფრულ ტექნოლოგიებშია, რომ სხვანაირი დავალებები შევთავაზოთ, აქ შეიძლება ციფრული ტექნოლოგია, ანიმაცია გამოვიყენოთ, საბუნებისმეტყველო საგნებში უფრო საინტერესო და სხვადასხვა დავალება შეიძლება შევთავაზოთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ, რომ ყველა დახურულ დავალებაზე, სადაც მოსანიშნი პასუხია თუ კი სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადავალთ, პასუხი მყისიერი იქნება. პრაქტიკულად კანდიდატს დასრულებისთანავე ეცოდინება ამ ნაწილში რა ქულა დაიმსახურა.

- სკოლის საატესტატო გამოცდებზე წინა წლებთან შეადარებით რაიმე შეცვლილი ხომ არ არის, უსაფრთხოების ნორმები როგორი იქნება?

- პრინციპულად ცვლილებები არ არის ამ გამოცდებში. 20 მაისს იქნება პრეტესტი. ერთის მხრივ, მოსწავლეებს ვთავაზობთ, რომ თავიანთი თავი გამოსცადონ და მეორეს მხრივ, სისტემის საბოლოო გადამოწმება ხდება. ტესტებს რაც შეეხება არსებობს ტესტების ბანკი, სადაც ბევრი დავალებაა და მოსწავლეებს განსხვავებული დავალებები მოსდით გარკვეული ალგორითმის შესაბამისად. ეს ბანკი მუდამ ივსება, მაგრამ პრინციპული სიახლეები არ არის. წელს გამოსაშვებ გამოცდებში 47 000-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული. აბიტურიენტებს რაც შეეხება, 40 000-ზე ცოტა მეტი მოსწავლეა, მაგრამ ცხადია, მათი რაოდენობა ოდნავ შეიცვლება, რადგან გამოსაშვები გამოცდები გავლენას მოახდენს და ვინც ვერ ჩააბარებს, ის კონკურსს გამოაკლდება. მღელვარება მატულობს და ერთი სიახლეა მოსაწვევ ბარათებთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგზავნიდით რესურსცენტრებში, ისისნი სკოლებში არიგებდნენ, სკოლები აბიტურიენტებს ურიგებდნენ. ეს პროცესი შეიცვალა, წელს ყველა აბიტურიენტს შეუძლია ონლაინ რეჟიმში მისთვის განკუთვნილ ფანჯარაში შევიდეს, გადმოიტვირთოს და ამობეჭდოს ეს მოსაწვევი, რომელიც აუცილებლად უნდა იქონიოს. თუ დაკარგა, დაუსველდა ან დაეხა შეეძლება კიდევ ერთხელ ამობეჭდოს.

- რაიმე დეტალი ხომ არ არის შეცვლილი?

- შეიძლება შეიტანონ წყალი, პირადი ჰიგიენის ნივთები, მაგრამ არ შეიძლება ელექტრონული მოწყობილობები. ჩემს ბავშვობაში მინიშნებების ფურცელს “შპარგალკა“ ერქვა, არანაირი დამხმარე მასალა, არც ტელეფონი არ უნდა შეიტანონ. გააფრთხილებენ იმიტომ, რომ ეს შეიძლება გამოცდიდან მოხსნის მიზეზი გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები