ეროვნულმა მუზეუმმა ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ოდა სახლის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაა 2 680 353 ლარია.
22 აგვისტოს გამოცხადებულ შესყიდვაზე წინადადებების მიღება 7 სექტემბერს დაიწყება, ბოლო ვადა 12 სექტემბერია. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 280 კალენდარული დღე.
„აქ მოეწყობა საქმიანი შეხვედრები ქართული ღვინით და კერძებით, სანიმუშო სერვისით. რესტორნის დარბაზი უმასპინძლებს 30 სტუმარს, ზაფხულის დარიან დღეებში ფართო აივანზე შესაძლებელი იქნება დამატებით 20-მდე ვიზიტორის მიღება-მასპინძლობა“, - წერია სახელმწიფო შესყიდვაში.
ლევილის ქართულ მამულში ოდა სახლის მშენებლობის პროექტი, ჯერ კიდევ 2022 წელს დამტკიცდა, რომლის ავტორია არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე.
275 კვ.მ. ფართობის ქვის დაბალ ხიმინჯებზე აღმართულ ოდა სახლში მოეწყობა დარბაზული სივრცე სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. დარბაზის გვერდით მდებარე ოთახში შესაძლებელი იქნება ქართული სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ოდის მიმდებარედ ასევე მოეწყობა 28 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი.