მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული მუზეუმის გამარტივებული შესყიდვის 9 ხელშეკრულებაზე გაწეული ხარჯი არ დასტურდება - აუდიტი

61fe748cce0d4
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 20:18
890
ეროვნული მუზეუმის მიერ გამარტივებული შესყიდვის 9 ხელშეკრულებაზე, რომლის ღირებულება 313 828 ლარი იყო, გაწეული ხარჯი არ დასტურდება - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ეროვნული მუზეუმის აუდიტის დასკვნის შედეგებშია აღნიშნული.

აუდიტორები განმარტავენ, რომ გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვისას შესრულებული სამუშაოების ღირებულება (ასანაზღაურებელი) შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით განისაზღვრება.

აუდიტის შედეგად კი დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ეროვნულ მუზეუმს გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული ცხრა ერთეული ხელშეკრულების საფუძველზე 313 828 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვა აქვს განხორციელებული.

„შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნებით მასზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯები არ დასტურდება და შემსყიდველის მიერ მიმწოდებლებისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება ანაზღაურებულია შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით, რაც ზრდის შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედმეტად ანაზღაურების რისკებს. აღნიშნულ სამუშაოებზე ფაქტობრივი დანახარჯების განსაზღვრის მიზნით, აუდიტის ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, მუზეუმმა მიმწოდებელი სამშენებლო კომპანიებისგან გამოითხოვა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. სამშენებლო კომპანიას აღნიშნული დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

აუდიტში ნათქვამია, რომ ფაქტობრივი ხარჯების დადასტურების გარეშე, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების განხორციელება საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურების რისკებს ზრდის. რომლის აღმოფხვრისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეროვნულ მუზეუმს შემდეგი სახის რეკომენდაციას აძლევს: „ახალი კონტროლის მექანიზმების დანერგვით ან არსებული კონტროლის მექანიზმის (საექსპერტო დასკვნა) გაუმჯობესებით, უზრუნველყოფილ იქნეს გამარტივებული წესით შესყიდულ სამუშაოებზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯის დადასტურება და მის საფუძველზე მიმწოდებელთან ანგარიშსწორება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები