სახელმწიფოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების „ევრო 2024“-დან დაბრუნების აღსანიშნავად გასამართი ღონისძიებები საბოლოო ჯამში, 354 400 ლარი დაუჯდა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 7 აგვისტოს გამოსცა.
„საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების „ევრო 2024-დან“ დაბრუნების აღსანიშნავად გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 354 400 ლარი“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
აღსანიშნავია, რომ 2 ივლისს გამოცემული განკარგულების თანახმად, დახვედრის ღონისძიებებისთვის 260 000 ლარის გამოყოფა იყო გათვალისწინებული, თუმცა ბოლო განკარგულების თანახმად, მთავრობამ თანხის მოცულობა დაახლოებით 100 000 ლარით გაზარდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები სამშობლოში 2 ივლისს დაბრუნდნენ. დაბრუნებისას აეროპორტში მათ ქომაგები დახვდნენ. 2 ივლისის საღამოს კი დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრების წევრებთან შეხვედრის ცერემონია შედგა, სადაც გუნდის ავტობუსი მსვლელობით მივიდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გუნდის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.