ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა 2026 წლის მარტის Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების ამსახველი სტატისტიკა, საიდანაც ირკვევა რომ გასულ თვეში სებმა შესყიდვის ნაცვლად, თანხა გაყიდა - აღნიშნული გაყიდვები ჯამურად 16.2 მილიონ დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს რეზერვები საერთოდ არ გაუყიდია.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მარტში საქართველოს სავალუტო ბაზარზე გავლენა მოახდინა ირანში დაწყებულმა კონფლიქტმა და კონფლიქტის პირველ დღეებში ლარი მცირედით გაუფასურდა, კერძოდ კი ერთი დოლარის კურსმა 2.74 ლარსაც გადააჭარბა (9 მარტს), აღნიშნულ პერიოდში ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ სებ-მა ვალუტის კურსის მხარდაჭერისთვის დოლარის რეზერვების გაყიდვები მოახდინა, როგორც ახლა ირკვევა აღნიშნული ოპერაციების მოცულობა 16.2 მილიონი დოლარი იყო.
ამასთან, აღნიშნული სტატისტიკა აჩვენებს თვის ჭრილში შესყიდვების და გაყიდვების ბალასს, შესაბამისად, თუკი სებ-ი თვის დასაწყისში გაყიდდა 26.2 მილიონ დოლარს და თვის ბოლოს ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებისას იყიდდა 10 მილიონ დოლარს, ბალანსი 16.2 მილიონი დოლარი იქნებოდა. შესაბამისად არის ალბათობა, რომ უშუალოდ მერყეობის უფრო მკვეთრ პერიოდში სებ-მა უფრო მსხვილი გაყიდვები განახორციელა, ხოლო თვის ბოლოს კი დოლარის რეზერვები იყიდა, თუმცა ჯამურად ბალანსი 16.2 მილიონი დოლარის გაყიდვებს შეადგენდა.
რაც შეეხება ჯამურად 3 თვის მაჩვენებლებს, იანვარში სებ-მა შეისყიდა 86.6 მილიონი დოლარი, თებერვალში 429.3 მილიონი დოლარი, მარტში კი 16.2 მილიონი გაყიდა, შესაბამისად, 2026 წლის პირველ კვარტალში ჯამურმა შესყიდვებმა 499.7 მილიონი დოლარი შეადგინა.




























