საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერს უფლება შეუჩერა, ამის შესახებ სებ-ის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთანავე, ეროვნული ბანკი ითხოვს რომ მათ მომდევნო ორი თვის განმავლობაში პოზიციები დატოვონ.
"ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე,"- წერია განცხადებაში.
თავად თიბისი ბანკი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ბანკის განცხადებაში წერია:
"დღეს, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. თიბისი ბანკი გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას. თიბისი ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც აქამდე, საქმიანობას აგრძელებენ თიბისი ჯგუფის ბრიტანული ჰოლდინგის TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის მფლობელი მშობელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებზე.
თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.
აღნიშნული გარემოება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის განვითარებაზე და სტრატეგიაზე. ბანკი გააგრძელებს დასახული გეგმების განხორციელებას."

























