საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 124.5 მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდის მიზნით განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოქტომბერში სებ-მა რეკორდული 591 მილიონი დოლარის ინტერვენციები განახორციელა, რის შედეგადაც საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
"ოქტომბერში მაღალი გაურკვევლობის ფონზე ხორციელდებოდა ცალკეული მსხვილი ტრანზაქციები უცხოური ვალუტის შესყიდვის მიმართულებით. იმისათვის, რომ ასეთი მსხვილი ტრანზაქციები მასობრივ აჟიოტაჟში არ გადაზრდილიყო და არ მომხდარიყო ამის დომინოსავით ფართოდ გაშლა, ამ ფონზე სებ-მა განახორციელა ინტერვენციები, რისი სრული უფლებაც სებ-ს ჰქონდა.
ნოემბრიდან სიტუაცია ბაზარზე შეიცვალა და ამან მოგვცა საშუალება, რომ დაგვეწყო რეზერვების შევსება. განვაახლეთ შევსება და ნოემბრის განმავლობაში წმინდა შესყიდვამ 124.5 მილიონი დოლარი შეადგინა," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ჯერჯერობით აღნიშნული სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა, თუმცა ნათია თურნავას განცხადების შესაბამისად, 2024 წელს სებ-ის მთლიანი გაყიდვები იყო 917 მილიონი დოლარი, ხოლო შესყიდვები 453 მილიონი დოლარი იყო, რაც წმინდა 464 მილიონი დოლარის გაყიდვების ტოლია.
ეროვნული ბანკის მიერ 2024 წლის 10 თვეში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების დეტალური სტატისტიკა ასე ნაწილდება:
- იანვარი - შესყიდვა $8.1 მილიონი Bmatch;
- თებერვალი - შესყიდვა $77.5 მილიონი Bmatch;
- მარტი - შესყიდვა $127.9 მილიონი Bmatch;
- აპრილი - შესყიდვა $73.1 მილიონი Bmatch;
- მაისი - გაყიდვა $108.7 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $9.1 მილიონი Bmatch-ით;
- ივნისი - გაყიდვა $60 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $42 მილიონი Bmatch-ით;
- ივლისი - შესყიდვა $1.9 მილიონი Bmatch-ით;
- აგვისტო - შესყიდვა $41 მილიონი Bmatch-ით;
- სექტემბერი - გაყიდვა $106.5 მილიონი Bmatch-ით;
- ოქტომბერი - გაყიდვა $213.4 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $377.7 მილიონი Bmatch-ით.
- ნოემბერი - შესყიდვა Bmatch-ით 124.5 მილიონი დოლარის ოდენობით.