მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემ სუბიექტებს რეგულაცია გადაუვადა

5d1468fb1bf8b
სალომე მეცხვარიშვილი
27.06.19 10:56
1759
ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემ სუბიექტებს გადაუვადა რეგულაცია, რომელიც კრძალავდა მსესხებლის მიერ სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას.

რეგულაცია მიმდინარე წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, პირველ ნოემბრამდე გადავადდა. ინფორმაცია bm.ge-ს ეროვნულ ბანკშიც დაუდასტურეს. რა გახდა გადავადების მიზეზი bm.ge სებ-ისგან განმარტებებს ელოდება.

აღნიშნული რეგულაციის შესახებ ივნისის დასაწყისში გახდა ცნობილი, რასაც სესხის გამცემი სუბიექტების მხრიდან დაბნეულობა მოჰყვა. ისინი რეგულაციის გადავადებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს ლომბარდების ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევდა.

მოგვიანებით შედგა რამდენიმე შეხვედრა სესხის გამცემ სუბიექტებსა და ეროვნულ ბანკს შორის, სადაც მათ რეგულაციები განუმარტეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლომბარდების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ცვლილებები არასწორად გაიგეს, რასაც ხელი შეუწყო სხვადასხვა ტიპის განცხადებებმა, რომ ლომბარდებს სესხის გადაგირავებისთვის უზრუნველყოფის სახით საკუთარი ქონების ჩადება მოუწევდათ.

კომპანია "სწრაფი კრედიტის" ხელმძღვანელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებდა, რომ რეგულაციის გაცხადებამ გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ბაზარზე.

"მივმართეთ ჩვენს პარტნიორ ბანკებს, მათაც არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პასუხი. მოხდა სამუშაო შეხვედრა ეროვნულ ბანკთან და ეს საკითხები ჩავშალეთ. მარეგულირებლის მხრიდან მოხდა არგუმენტების წარდგენა და ვერ დავინახეთ ისეთი გამოკვეთილი პრობლემები, როგორზეც აპელირება ხდებოდა განვლილი დღეების მანძილზე, რომ ლომბარდების 80% ამას ვერ აიტანდა და დაიხურებოდა და ა.შ.

ახალი რეგულაციით, მოხდება სესხების გადაგირავება, მიბმული უზრუნველყოფასთან ერთად და არა უზრუნველყოფის ცალკე გადაგირავება, რაც აქამდე ხდებოდა", - აცხადებს ვახტანგ გრიგალაშვილი.

ცვლილებებზე თავის დროზე განმარტება გააკეთა ეროვნულმა ბანკმა:
“აღნიშნული ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რამეთუ დაგირავებული ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს.

ეს არ ნიშნავს რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. დაკრედიტება გადადის ცივილიზებულ სტანდარტზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაციას სესხის მისაღებად შეეძლება დააგირავოს საკუთარი აქტივები (მაგ. გაცემული სასესხო პორტფელი, ან საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონება) და არა მის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული სხვისი ქონება’,- ნათქვამი იყო განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები