საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი სუბიექტი შპს „კრედიტსერვისი“ ჯამში 21 000 ლარის ოდენობით დააჯარიმა კანონმდებლობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევის გამო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომპანიამ რეგულაციების წესები რამდენიმე მიმართულებით დაარღვია
- ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პროცესში - 1 ფაქტი. სანქცია: 2 000 ლარი;
- კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობა - 1 ფაქტი; სანქცია: 2 000 ლარი;
- მაღალი რისკის მქონე კლიენტის ქონების წარმომავლობის შესწავლის არდახორციელება - 1 ფაქტი; სანქცია: 2 000 ლარი;
- პროგრამული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზები, რის გამოც ვერ ხდება საეჭვო ოპერაციებისა და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა; სანქცია: 15 000 ლარი.
საერთო ჯამში, „კრედიტსერვისს“ დაეკისრა 21 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა. კომპანიის წილის 100%-ს ლევან პატარიძე ფლობს.
დარღვევები დაფიქსირდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტის – „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ შესაბამის მუხლების საფუძველზე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.


























