მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა სტეიბლკოინების გამოშვების განმსაზღვრელი წესები მიიღო - რას ნიშნავს რეგულაცია

სები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოვალუტის ბაზარზე ახალი რეგულაცია წარადგინა. 2026 წლის 6 მარტს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც საქართველოში სტეიბლკოინების - ანუ სტაბილური ვირტუალური აქტივების გამოშვებისა და მიმოქცევის სამართლებრივ ჩარჩოს განსაზღვრავს. სტეიბლკოინები განსხვავებით ჩვეულებრივი ვირტუალური აქტივისა, რომლის ფასიც მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება, წარმოადგენს მისი გამომშვების ვალდებულებას, რომ უცვლელად შეინარჩუნოს აქტივის ფასი. სტეიბლკოინებს შორის ყველაზე მსხვილია USDT, რომელიც $1 ღირს და მისი გამომშვები Tether Limited-ი ვალდებულია ფასი მუდმივად $1-ზე შეინარჩუნოს და მომხმარებლებიდან მიღებული სახსრები სრულად დაარეზერვოს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ბრძანებით შესაძლებელი ხდება ლიცენზირებულმა ქართულმა კომპანიამ მოახდინოს ქართული სტეიბლკოინის გამოშვება, თუმცა მის გამომშვებს ამ წესის შესაბამისად სრულად მოუწევს მომხმარებლებისგან მიღებული თანხების დარეზერვება.

ბრძანების ძალაში შესვლისთანავე, სტეიბლკოინების გამოშვება საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ამასთან, მომსახურების მსურველი კომპანიები ვალდებული არიან ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდნენ, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები.

რეგულაცია სამ ძირითად კატეგორიას ითვალისწინებს: ლარზე მიბმულ, უცხოურ ვალუტაზე მიბმულ და სხვა აქტივით უზრუნველყოფილ სტეიბლკოინებს. ყველა შემთხვევაში სავალდებულოა სრული - 100-პროცენტიანი სარეზერვო უზრუნველყოფა, რომელიც ემიტენტის კუთვნილი აქტივებისგან მკაფიოდ უნდა იყოს გამოყოფილი.

სტეიბლკოინის ემიტენტებს მინიმუმ 500 000 ლარის საზედამხედველო კაპიტალი მოეთხოვებათ. რაც უფრო დიდია სარეზერვო აქტივების მოცულობა, მით მეტია კაპიტალის მოთხოვნა - მაქსიმუმ 50 მილიონი ლარი. 15 მილიონ ლარს გადაცილებული სარეზერვო მოცულობის შემთხვევაში ემიტენტი ვალდებული ხდება შექმნას სამეთვალყურეო საბჭო.

გამჭვირვალობის მოთხოვნებიც მკაცრია: ყოველ კვარტალში დამოუკიდებელი აუდიტორი შეამოწმებს რეზერვებს, ხოლო შედეგები ემიტენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 15 მილიონ ლარს გადაცილებულ შემთხვევაში აუდიტი მსოფლიო წამყვანი ფირმებიდან - Deloitte, PwC, EY, KPMG და სხვა - ერთ-ერთმა უნდა ჩაატაროს.

მომხმარებელს სტეიბლკოინის გამოსყიდვა ნომინალური ღირებულებით ნებისმიერ დროს შეუძლია. მოთხოვნის შემდეგ ემიტენტს სამი სამუშაო დღე აქვს ვალდებულების შესასრულებლად - 300 000 ლარს გადაცილებული თანხის შემთხვევაში ეს ვადა ხუთ დღემდე იზრდება.

კომპანიები, რომლებიც უკვე გასცემენ სტეიბლკოინებს, ვალდებულნი არიან ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ეროვნულ ბანკს წარუდგინონ სრული დოკუმენტაცია. ამ პერიოდში საქმიანობის გაგრძელება დაშვებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები