„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძოს მუშაობა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, რომელიც ეხმარება საქართველოს წარმატებით გაუმკლავდეს საგარეო შოკებს“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ფრანსუა პეშომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალური ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაზე განაცხადა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად შეაფასა:
“ჩვენი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი წარმატებით ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. მონეტარული პოლიტიკა მართებულადაა კონცენტრირებული ფასების სტაბილურობაზე, ინფლაცია დაბალია და თანხვედრაშია სებ-ის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან. გაცვლითი კურსის მოქნილობა ნარჩუნდება, რაც შოკების ძირითადი მშთანთქმელის როლს ასრულებს. რა თქმა უნდა, დოლარიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, რაც გაცვლითი კურსის მერყეობისადმი მგრძნობელობას ზრდის. თუმცა ამ პრობლემის გადაჭრის გზა არის დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელება და ამავდროულად მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნება. დოლარიზაციის შემდგომი შემცირება შესაძლებელია მიზნობრივი და ბაზარზე ორიენტირებული გონივრული ქმედებებით, ფინანსური განათლების გაღრმავებითა და მომხმარებელთა უფლებების დაცვით. უცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად დამატებითი ძალისხმევა არის საჭირო, რადგან საქართველო ჩამორჩება რეზერვების ადეკვატურობის შეფასების ჩვენს ინდიკატორს. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები უნდა გაიზარდოს, რომ არსებობდეს საგარეო მოწყვლადობის საწინააღმდეგო დაცვის მექანიზმი, ხოლო სავალუტო ინტერვენციები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ჭარბი მერყეობის შესამცირებლად და სავალუტო რეზერვების შესავსებად“, - განაცხადა ფრასუა პეშომ.