მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთ ადგილზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ" - „ალამბრას" ახალი სამკაული ბაზარზე გაზაფხულზე გამოჩნდება

61b76a2066d3f
სალომე ჭიპაშვილი
13.12.21 23:21
2385
„ალამბრა“-მ ახალგაზრდა დიზაინერთან თანამშრომლობით ახალი სამკაული შექმნა. როგორც bm.ge-სთან საუბარში ბრენდის დამფუძნებელმა, ირინა ჯორჯაძემ განაცხადა, ესკიზები უკვე მზადაა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 2022 წლის გაზაფხულზე გახდება.

„ერთ ადგილზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. კოლაბორაცია ნამდვილად არის ის, რომელიც ძალიან გვაინტერესებს, ამიტომ გვინდა შანსი მივცეთ დამწყებ მხატვრებსაც და ვითანამშრომლოთ მათთან. ამ ეტაპზე ერთ-ერთ ახალგაზრდა დიზაინერთან ერთად ვმუშაობთ და სავარაუდოდ ახალი სამკაული გაზაფხულისთვის იქნება ხელმისაწვდომი“,- აცხადებს ირინა ჯორჯაძე.

„ალამბრა“ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს, თუმცა ბრენდმა განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მათი კოლაბორაცია მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილთან შედგა.

„თანამედროვე ხელოვანთან, მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილთან თანამშრომლობაზე საუბარი 2018 წელს დავიწყეთ. „ალამბრამ“ სრულიად შეინარჩუნა ფეტვიაშვილის განუმეორებელი სტილი – ულამაზესი პროფილები, სახის ნაკვთები, ფერთა გამა, დახვეწილი, ერთი ხელის მოსმით დადებული კონტურები და უკვე 3 წელია მისი ნახატების მიხედვით სამკაულებს ვქმნით“, - აღნიშნავს BM.GE-სთან საუბარში „ალამბრას“ დამფუძნებელი.

ფეტვიაშვილის ნამუშევრებით შესრულებული სამაჯურების შეძენა შესაძლებელია, როგორც „ალამბრას“ მაღაზიაში, აგრეთვე მომხმარებლებს შეუძლიათ მიტანის სერვისითაც ისარგებლონ. რაც შეეხება სამკაულების ფასებს, ვერცხლის ნაკეთობა ქართული ტრადიციული მინანქრით 180 ლარი ღირს, ხოლო მოოქროვილი - 195 ლარი. იგივე მყარ ვერცხლის სამაჯურზე ფასი 250 ლარია, ხოლო მოოქროვილი - 270 ლარი ღირს.

„ალამბრა“ მინანქრისაგან დამზადებული ხელნაკეთი სამკაულების ქართული ბრენდია, რომელშიც განხორციელებული თავდაპირველი ინვესტიცია 400 ლარს შეადგენს. კომპანია ბაზარზე 2016 წლის ივლისში გამოჩნდა და ვერცხლისა და მოოქროვილი ვერცხლის ხელნაკეთ სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს აწარმოებს და ამ ყველაფერს თანამედროვე სახეს სძენს. „ალამბრას“ სამკაულები საქართველოს ფარგლებსაც გაცდა. მისი შეძენა უკვე შესაძლებელია იტალიაში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები