ღვინის სერტიფიცირებაზე დაწესებული 10-ლარიანი მოსაკრებელი მცირე მარნებისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს და მცირე მოცულობის შეკვეთებთან მუშაობას ართულებს. ამის შესახებ მეღვინეობა „მამისაულის მარნის“ დამფუძნებელმა თამარ მოსიაშვილმა BMGTV-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მცირე მარნები პროდუქციას შედარებით მცირე რაოდენობით ყიდიან, რის გამოც თითოეულ შეკვეთაზე სერტიფიცირების საფასურის გადახდა დამატებით ტვირთად იქცევა.
„რეალურად ეს ბევრ რაღაცას გაართულებს, იმიტომ რომ ახლა პატარა, მცირე მარნებისთვის ჩვენ ვმუშაობთ მცირე რაოდენობებთან. შეიძლება იგივე რომელიღაცა ღვინის ბარმა დაგიკვეთოს უცბად ორი ყუთი ღვინო, ან სამი ყუთი ღვინო. ჩვენ ხომ დიდ რაოდენობებზე არ ვმუშაობთ და ამ თითოეულ პატარა შეკვეთაზე ჩვენ ყოველ ჯერზე მოგვიწევს რაღაც თანხის გადახდა“, - განაცხადა მოსიაშვილმა.
მისი შეფასებით, უფრო მისაღები მოდელი იქნებოდა, თუ ერთი ჩამოსხმის ან ერთი ლოტის ფარგლებში ერთი სერტიფიკატი გაიცემოდა. „მაშინ შეიძლება გადასახედი იყოს, რომ, აი, სიტყვაზე, ერთ ჩამოსხმაზე, ერთ ლოტზე ერთი სერტიფიკატი გაიცეს და მაშინ, კი ბატონო, ასე თუ ისე უფრო მისაღები იქნებოდა“, - აღნიშნა მან.
მოსიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მცირე მარანი, რომელიც ბოლნისის მიკროზონაში წარმოებული რქაწითელი ბოლნისის, თავკვერისა და საფერავის ჯიშებით მუშაობს, ამ ეტაპზე რაოდენობის ზრდაზე მეტად პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ტარიფები 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის შესაბამისობის სერტიფიკატის საფასური 10 ლარია. ექსპორტისთვის საჭირო სერტიფიკატის ღირებულება კი მომსახურების მიღების ვადის მიხედვით 110-დან 650 ლარამდე მერყეობს, ხოლო მცირე ზომის მარნებისთვის ექსპორტის სერტიფიკატზე ცალკე, შეღავათიანი ტარიფებია განსაზღვრული.




























