2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია 6.6%-ით (71.3 მლნ აშშ დოლარით) და 1.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა 4.9%-ით (-12.3 მლნ აშშ დოლარი), ასევე შემცირება დაფიქსირდა მეორე კვარტალში - 0.4%-ით (-1.1 მლნ აშშ დოლარი), თუმცა, ბოლო ორ კვარტალში აღინიშნა ფულადი გზავნილების ზრდა, მესამე კვარტალში - 16%-ით (42.4 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მეოთხე კვარტალში - 15.2%-ით (42.2 მლნ აშშ დოლარი).
PMCG-ის ინფორმაციით, დეკემბერში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა დაფიქსირდა (119 მლნ აშშ დოლარი), რაც 16.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2016 წლის პირველ სამ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდებოდა, შესაბამისად 15.1% (-13.4 მლნ აშშ დოლარით), 15.4% (-17.8 მლნ აშშ დოლარით) და 7.4%-ით (-8.7 მლნ აშშ დოლარით). მხოლოდ მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა 1.6%-ანი ზრდა (1.7 მლნ აშშ დოლარი). აშშ-დან ფულადი გზავნილების მოცულობა 2016 წლის ოთხივე კვარტალში გაზრდილია, შესაბამისად 18.9% (4.2 მლნ აშშ დოლარით), 20.7% (5.2 მლნ აშშ დოლარით), 36.5% (9.3 მლნ აშშ დოლარით) და 32.8%-ით (8.9 მლნ აშშ დოლარით).
2016 წლის პირველ ორ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია, შესაბამისად 32.7% (-13.2 მლნ აშშ დოლარით) და 20.7%-ით (-8.8 მლნ აშშ დოლარით). თუმცა, გაზრდილია მესამე (269%, 23.4 მლნ აშშ დოლარით) და მეოთხე კვარტალში (20.5%, 5.4 მლნ აშშ დოლარით). 2016 წლის ოთხივე კვარტალში, გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა იტალიიდან, შესაბამისად 6.5% (1.7 მლნ აშშ დოლარით), 13.9% (3.7 მლნ აშშ დოლარით), 12.7% (3.4 მლნ აშშ დოლარით) და 11.4%-ით (3.3 მლნ აშშ დოლარით).
2016 წელს ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილების სტრუქტურა შემდეგია: რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მთლიანი გზავნილების 34.3% (394.5 მლნ აშშ დოლარი) შემოდის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან - 11.1% (127.7 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთიდან - 10.8% (124.6 მლნ აშშ დოლარი), იტალიიდან - 10.5% (121.2 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთიდან - 7.6% (87.1 მლნ აშშ დოლარი).
2016 წელს რუსეთიდან კვლავაც ყველაზე დიდი მოცულობით ფულადი გზავნილები შემოდის, თუმცა, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა, 2015 წელთან შედარებით, შემცირებულია 8.8%-ით (-38.2 მლნ აშშ დოლარით). ამავე პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეოთხედან მეორე ადგილზე გადმოინაცვლა ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით და აშშ-დან გზავნილები 27.6%-ით (27.6 მლნ აშშ დოლარით) აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2015 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა საბერძნეთიდან (5.8%-ით, 6.8 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (11.2%-ით, 12.2 მლნ აშშ დოლარით) და თურქეთიდან (26.3%-ით, 18.1 მლნ აშშ დოლარით).
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში იმყოფება (მთლიანი ემიგრანტების 22%). ემიგრანტთა რაოდენობით უმსხვილეს ხუთეულში შედის საბერძნეთი (16%), თურქეთი (11%), იტალია (11%) და გერმანია (7%).
აღსანიშნავია, რომ ემიგრანტების მხოლოდ 5.7% ცხოვრობს აშშ-ში, თუმცა საშუალოდ ერთ ემიგრანტზე ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ პირველ ადგილზე იმყოფება. თუ დავუშვებთ, რომ საშუალოდ ერთი ემიგრანტი საფრანგეთიდან აგზავნის 1 დოლარს, მაშინ აშშ-დან საშუალოდ ერთი ემიგრანტი აგზავნის 7 დოლარს (7-ჯერ მეტს), რაც დაახლოებთ 1.2-ჯერ აღემატება რუსეთიდან საშუალოდ ერთ ემიგრანტზე გზავნილების მოცულობას (5.7 დოლარი).
უნდა აღინიშნოს, რომ იტალიიდან საშუალოდ ერთ ემიგრანტზე ფულადი გზავნილების მოცულობა (3.5 დოლარი) 1.4-ჯერ აღემატება საბერძნეთიდან იმავე მაჩვენებელს (2.4 დოლარი). რაც შეეხება გერმანიიდან საშუალოდ ერთ ემიგრანტზე ფულადი გზავნილების შედარებით დაბალი მოცულობას (1.3 დოლარი), შეიძლება იმ ფაქტით აიხსნას, რომ გერმანიაში ემიგრანტები ძირითადად სასწავლებლად მიდიან.

























