მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ბაზრის დივერსიფიცირებაა" - ოთარ შამუგია ლურჯი მოცვის ექსპორტზე

ლურჯი მოცვი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიის ფორმატში ლურჯი მოცვის, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარებაზე, სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდამჭერ პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენების მნიშვნელობაზე, მოცვის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ლურჯი მოცვის წარმოება პროგრამის „დანერგე მომავალი“ ნათელი წარმატებული მაგალითია, რომლის მეშვეობითაც ამ კულტურის დაფინანსება სახელმწიფომ დაიწყო.

„სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებთან ერთად, შევძელით 2800 ჰექტრამდე ბაღის გაშენება. გასულ წელს, 20 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განვახორციელეთ. სულ რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო, რადგან ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება არ გვქონდა. შემოვიდა სრულიად ახალი, არატრადიციული კულტურა, რომლის მოყვანაც ფერმერებმა დაიწყეს. მნიშვნელოვანია, რომ, მოყვანასთან ერთად, სათანადო სტანდარტებით შენახვა და შემდგომ სხვადასხვა ბაზარზე რეალიზაცია შევძლოთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ბაზრის დივერსიფიცირებაა. ამ ნაწილშიც აქტიურად ვეხმარებით ფერმერებს, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი არიან ჩვენი ფერმერები და ქართული წარმოების ლურჯი მოცვი. ეს ხელს უწყობს შესაბამისი კონტაქტების დამყარებას. ასეთი მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ქვეყნიდან ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა მზარდია. კერძოდ, 2020 წელს, ექსპორტის საერთო მოცულობამ შეადგინა 654.9 ტონა, ხოლო 2023 წელს ფიქსირდება 500%-იანი ზრდა - 3412.8 ტონა. რაოდენობრივ მაჩვენებელთან ერთად გაზრდილია ექსპორტირებული ლურჯი მოცვის საერთო ღირებულებაც. კერძოდ, 2020 წელს, განხორციელდა 11.3 მილიონი ლარის ღირებულების ლურჯი მოცვის ექსპორტი, 2021 წელს 17.5 მილიონი ლარის, 2022 წელს 23.8 მილიონი ლარის, ხოლო 2023 წელს ექსპორტის საერთო ღირებულებამ 53.9 მილიონი ლარი შეადგინა (ზრდა 475%).

მოცვის ექსპორტის 90%-ზე მეტი რუსეთზე მოდის - კონკურენციის სააგენტო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები