მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ერთ მხარეს სხედან ბიზნესმენი მილიონერები, მეორე მხარეს - პარლამენტარი მილიონერები"|რატომ არ დაიწევს ფასები?

დაჯი კოვზირიძე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ დაჯი კოვზირიძის შეფასებით, „ფასების კომისია“ პოლიტიკური სანახაობაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხალხზე მზრუნველი ხელისუფლების იმიჯის მოსარგებად შექმნა.

ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, რომელიც „ფასების კომისიის“ წევრია BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რატომაც მიიჩნევს, რომ „ფასების კომისიის“ მუშაობის შედეგი ვერ იქნება სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების თუ საწვავის გაიაფება.

მსხვილი ბიზნესისა და „ქართული ოცნების“ ურთიერთობა - ინტერვიუში დეპუტატმა აღწერა „ფასების კომისიის“ სხდომებზე არსებული ატმოსფერო, რაც, მისი აზრით, ამტკიცებს ბიზნესისა და ხელისუფლების ერთობას. დაჯი კოვზირიძეს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ იმ ბიზნესჯგუფებს აიძულოს ფასების შემცირება, რომლებიც თავად „ქართულ ოცნებას“ აფინანსებენ,

„იცით, რა ხდება სინამდვილეში?! როდესაც მწვავე კითხვებს ვსვამთ იმის შესახებ, თუ რატომ არ იაფდება პროდუქცია, საინტერესო სურათის მოწმეები ვხდებით: ერთ მხარეს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები სხედან, მეორე მხარეს კი, ჩვენი მილიონერი დეპუტატები, რომლებიც თითქოს კვერცხის ფასზე მსჯელობენ... როგორც კი კითხვას პირდაპირ ვსვამთ, ეს „მარცხენა“ და „მარჯვენა“ მილიონერები ერთიანდებიან... იმ კონკრეტულ გარემოში მათი მჭიდრო კავშირი და მეგობრობა იმდენად აშკარაა, რომ ამას დაკვირვებული თვალი ადვილად ამოიცნობს“, - ამბობს პარლამენტარი და იქვე დასძენს, რომ „ფასების კომისიის“ სახით მიმდინარე პროცესი არის არა - ხალხზე ზრუნვა, არამედ ბიზნესების „გადალაგებაა“ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდიდან კობახიძის გუნდის გავლენის ქვეშ.

„წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიას პარტიის წევრმა ასევე თქვა, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში არსებობს ერთი რგოლი, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში არ ჩანს. დეპუტატი ეჭვობს, რომ მსხვილი ბიზნესი მმართველი პარტიის „შავ სალაროს“ აფინანსებს.

„ეს რგოლი არის ის თანხები, რომლითაც „ოცნების“ „შავი სალარო“ ფინანსდება. გარდა იმისა, რასაც მსხვილი ქსელები არჩევნებისთვის ოფიციალურად სწირავენ მმართველ პარტიას, არსებობს შავი სალაროც, სადაც მათ გარკვეული თანხები მიაქვთ - აი, ეს არის ის ფარული რგოლი, რომელიც არსად ჩანს. ამ ყველაფერს კი, საბოლოო ჯამში, ისევ მომხმარებელი, ჩვენი ღარიბი მოსახლეობა იხდის. ბატონმა კახი კალაძემაც ბრძანა, რომ მსხვილი ბიზნესი მათი მხარდამჭერია და როგორ წარმოგიდგენიათ, „ოცნებამ“ მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც იმ ხალხის შემოსავალს შეამცირებს, ვინც მათ პარტიას ფულს სწირავს?!“, - აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, რომლებიც დაჯი კოვზირითის აზრით, ფასწარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ერთ-ერთი „ბაზრის მონოპოლიზაციაა“. „მაგალითად, სუპერმარკეტების ქსელებში სულ რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა, რომლებიც ბაზრის მნიშვნელოვან წილს ფლობენ და მათი ძალაუფლება იმდენად დიდია, რომ მთავრობა მათ ფასების დაწევას ვერ აიძულებს“, - განაცხადა დაჯი კოვზირიძემ. პარლამენტარს მიაჩნია, მწარმოებელი-დისტრიბუტორი-ქსელური მარკეტის რგოლში ძალაუფლება საცალო ბიზნესის მხარესაა.

„ოქროს ზოდებიც რომ მქონდეს, თუ ვერ გავყიდე და ფულად არ ვაქციე, მათ ფასი არ ექნებათ. მთავარი მაინც დახლია, სადაც პროდუქცია იყიდება. სწორედ ამიტომ, პირობებს სუპერმარკეტების ქსელები კარნახობენ და იგივე ხდება მედიკამენტების შემთხვევაშიც“, - აღნიშნა მან.

დაჩი კოვზირიძე ფასების დასაწევად მკაცრი სახელმწიფო რეგულაციების მომხრეა. ის გამოსავალს შემდეგ სამ მიმართულებაში ხედავს:

  1. „შეფარული გადასახადების“ გაუქმება - მისი თქმით, უნდა აიკრძალოს ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა: რიბეითები, ქეშბექები (თანხის უკან დაბრუნება ბიზნესებს შორის); თაროზე განთავსების გადასახადი (თანხა, რომელსაც მომწოდებელი უხდის მაღაზიას პროდუქტის ხელსაყრელ ადგილას დასადებად), რადგან ეს ხალხის ჯიბიდან ამოღებული ზედმეტი თანხაა.
  2. ერთიანი შესასყიდი ფასის დაწესება - დეპუტატი გამოდის ინიციატივით, რომ პროდუქტის შესასყიდი ფასი ყველასთვის, როგორც დიდი ქსელური მარკეტებისთვის, ისე პატარა ჯიხურებისა და უბნის მაღაზიებისთვის, ერთი და იგივე იყოს. მისი აზრით, ეს გაზრდის კონკურენციას და საშუალებას მისცემს მცირე მეწარმეებს და ე.წ. უბნის მაღაზიებს, რომ „ამოისუნთქონ“.
  3. ბაზრის წილის მკაცრი შეზღუდვა: ის მიიჩნევს, რომ გარკვეული პერიოდით არცერთ მოთამაშეს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ფლობდეს ბაზრის 1%-ზე მეტს. დაჩი კოვზირიძე აღიარებს, რომ ეს ძალიან მკაცრი რეგულაციაა, თუმცა ამბობს: „თუ გვინდა ფასებმა დაიკლოს, ასეთი მკაცრი რეგულაცია უნდა იყოს“.

ცნობისთვის: "ფასების კომისიამ" მუშაობა აპრილის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები