"ერთ რამეში მართალია "ქართული ოცნება“, რანაირად შეიძლება ეს იყოს რუსული კანონის ანალოგი, როდესაც მართლა უნიკალურია რეპრესიული კანონების მიღების ეს ტემპი, მასშტაბები, კომბინაციები", - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ყოფილი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს.
მისი მოსაზრებით, "ოცნების" მიერ გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით დაანონსებული კანონები "არის ბევრად უარესი, ვიდრე რუსული, ვიდრე აზერბაიჯანული, ვიდრე სხვა რეჟიმებში მოქმედი რეპრესიული ე.წ. კანონები".
როგორც საიას თავმჯდომარე ამბობს, როდესაც ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ ე.წ. FARA-ს იმიტომ იღებდა, რომ წინა კანონმა "არ იმუშავა", მაშინაც იტყუებოდა და ახლაც იტყუება, რომ გრანტების კანონში შარშან შეტანილმა ცვლილებებმა არ იმუშავა.
"რატომ არის 2024 წელს მიღებული კანონი დღემდე მოქმედი თუ არ მუშაობს? "ეს რეესტრი მხოლოდ გამჭვირვალობისთვისაა, რა მოხდა, თუ ნებაყოფლობით დარეგისტრირდებით“ - ბევრი არ დარეგისტრირდა, მაგრამ ის 385 ორგანიზაცია, ვინც იძულებით თუ ნებაყოფლობით გადადგა ეს ნაბიჯი, რანაირად გადარჩა? მათ მიერ დეკლარირებული დასაქმებულები უკვე ცალსახად მოექცევიან იმ ახალ დაანონსებულ ცვლილებებში, რომლითაც 8-წლიანი საარჩევნო უფლების შეზღუდვა შეეხებათ. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.
ნუ წავიკითხავთ ამ ცვლილებებს ცალკე ტექსტად, წავიკითხოთ ამ დრომდე მიღებულ ყველა კანონის კომბინაციაში. ნურც უკვე დამდგარ დამანგრეველ შედეგებზე დავხუჭავთ თვალს. სტატისტიკა სხვა შედეგებს აჩვენებს", - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე და დასძენს, რომ როდესაც 3 წლის წინ ამბობდა, რომ ეს შეზღუდვები ყველას შეეხებოდა, თანდათან გამკაცრდებოდა და მათ შორის მოიცავდა საარჩევნო უფლების წართმევასაც, ბევრს თავი გამონაკლისებში ეგონა, ან ძალიან შორეულ პერსპექტივად.




























