"საპენსიო რეფორმის ჩვენი ვერსიის ამოქმედების შემთხვევაში, ერთ წელიწადში პენსიაში გასული ადამიანი უკვე გაზრდილ პენსიას მიიღებს", - ამის შესახებ გადაცემაში "საქმის კურსი" პარლამენტარმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ფრაქცია "ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატებმა" საპენსიო რეფორმის პროექტი შეიმუშავეს, რომელიც მთავრომის პროექტის ალტერნატივაა.
"ადამიანები, რომლებსაც დაბალი შემოსავლები ჰქონდათ პროპორციულად მიიღებენ მაღალ საპენსიო დანამატს, იმიტომ რომ ქვეყანაში ხელფასებს შორის უთანასწორობა ძალიან დიდია და ჩვენ თუ ამას სიბერეშიც გავაყოლებთ ჩვენს მოქალაქეებს ამ უთანასწორობას, ეს არ იქნება სამართლიანი",- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ალტერნატიულ პროექტს აქვს თაობათა სოლიდარობის სვეტი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში საპენსიო სისტემის საფუძველია.
"შენატანები ამ სვეტში განხორციელდება შემდეგი პრინციპით: თუ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ სისტემაში შენატანებია 2%+2%+2% მთლიანად ერთ სვეტში, ჩვენს შემთხვევაში სოლიდარობის სვეტში ირიცხება მთავრობის და დამსაქმებლის გადასახდელი 2%-2%, ხოლო ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშზე თავად მოქალაქე შეიტანს 2 და მეტ პროცენტს სურვილის მიხედვით", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

























