დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და უხვნალექიანობით გამოწვეულ გამოწვევებზე ისაუბრა. მერის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებისას პრიორიტეტი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას ენიჭება.
კალაძემ აღნიშნა, რომ წყლისა და საკანალიზაციო მილების შეცვლა გარკვეულ დროის დაკარგვასთან და მოსახლეობისთვის დისკომფორტთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ ეტაპის გვერდის ავლით ხარისხიანი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
"შემთხვევითი არ არის გადაწყვეტილება, რომ ყველა სამუშაოების დროს, რაც დაკავშირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან, პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციები კეთდება. იცვლება და წესრიგდება, წყლის მილები, საკანალიზაციო კომუნიკაციები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დროსთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია სამუშაოების წარმოება. ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს ზედაპირული მიდგომა და პირდაპირ ვამბობთ, რომ პირველი რაც გაკეთდება გზების და გამზირების რეაბილიტაციის დროს, არის მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე კეთდება. დისკომფორტი რა თქმა უნდა არის და სხვანაირად შეუძლებელია მსგავსი მასშტაბის სამუშაოების წარმოება. ეს ქალაქი ყველას გვიყვარს, ყველას გვინდა, რომ იყოს უფრო უკეთესი და ამ სამუშაოების გარეშე ეს შეუძლებელია. ერთად უნდა მოვითმინოთ, ერთად უნდა გავიჭირვოთ, მაგრამ გაძლევთ პირობას, როდესაც ნოემბერში სამუშაოები დამთავრდება, რუსთაველის გამზირი იქნება ძალიან ლამაზი, ყველანაირად მოწესრიგებული, განახლებული და რა თქმა უნდა, ყველა ვიამაყებთ ამით", - განაცხადა მერმა დღეს 18 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა უხვი ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებზეც და აღნიშნა, რომ დედაქალაქში აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„დედაქალაქში აღდგენისა და გაწმენდის სამუშაოები კვლავაც გრძელდება. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ზოგადად, დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი როცა მოდის, ეს დიდი პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე უფრო ძლიერი და განვითარებული ქალაქებისთვის. ასეთ ქალაქებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა უფრო გამართულია, თუმცა იქაც კი არის ხოლმე ასეთ დროს პრობლემები. შემთხვევითი არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მივიღეთ - ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოს დროს, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს
ვაწესრიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




























