ციფრული კრეატიული სააგენტოს და სტარტაპ სტუდია „ბურთულას“ თანადამფუძნებლის თამარ ზარქუას ანიმაცია The Radiants საერთაშორისო ჟიურიმ ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად დაასახელა და საფრანგეთის ყველაზე დიდ ანიმაციურ ფესტივალ ANNECY-ში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, საქართველოში ანიმაციის გასაკეთებლად „დაფინანსების მოძიება, თუნდაც საგრანტო კონკურსების ფარგლებში ძალიან რთულია, რადგან ანიმაციით აქ არ ინტერესდებიან.
თამარ ზარქუას განმარტებით, ამჟამად პროექტი საწყის ეტაპზეა, საპილოტე სერიის სრულად შექმნას კი საკმაოდ დიდი დაფინანსება სჭირდება.
"სიუჟეტი უცხოპლანეტელებს ეხება, რომლებსაც რეალურად მთლად უცხოპლანეტელებსაც ვერ ვუწოდებთ. რადიანტები გალაქტიკათაშორისი მოგზაურები არიან — მათი მისია მაგიური კოსმოსის შესწავლა და დაკვირვებაა. ერთხელაც აღმოაჩენენ პლანეტა დედამიწას და ძალიან მოიხიბლებიან, რადგან ის ყველაფერია, რაც სხვა პლანეტებზე ინდივიდუალურად არსებობს, აქ უკვე ერთადაა თავმოყრილი. რადიანტების სერიალით კი მინდა შევახსენო მაყურებელს, თუ როგორი ძვირფასია ცხოვრება და ილუზორულ ფიქრებში გაფლანგვა არ ღირს. საბოლოოდ კი, ამ ანიმაციური სერიალით მინდა ცოტათი გავცე პასუხი კითხვას: რას ნიშნავს ვიყო ადამიანი“ — განმარტავს თამარ ზარქუა.
მისივე თქმით, პარალელურად, ანესის ფესტივალის აკრედიტაცია კომპანიის დამფუძნებელს ანიმაციის სფეროში წამყვან პროფესიონალებთან შეხვედრის და თავისი პროექტის წარდგენის საშუალებას აძლევს. მათ შორის არიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Netflix, Disney, Cartoon Saloon, Adult Swim და ა.შ.
„დაფინანსების მოძიება ანიმაციის გასაკეთებლად საქართველოში, თუნდაც საგრანტო კონკურსების ფარგლებში ძალიან რთულია, რადგან ანიმაციით ჩვენთან არ ინტერესდებიან. ამ ფესტივალის დახმარებით კი შესაძლებლობა მაქვს, შევხვდე პოტენციურ სპონსორებს, რომლებიც ჩემს ანიმაციურ სერიალს დააფინანსებენ. ასევე, შესაძლებელია ყველა იმ რესურსის პოვნა, რაც ანიმაციის განვითარებასა და შექმნაში დამეხმარება. ანიმაციის გაკეთება მოგეხსენებათ საკმაოდ ძვირი ჯდება, ერთი ანიმაციური სერიის გაკეთება 16 000 დოლარიდან იწყება და ხარისხის მიხედვით მზარდია“, - აღნიშნა თამარ ზარქუამ.
ანიმაცია The Radiants ჯამში 2-3 სეზონისგან იქნება შემდგარი და თითოეულ სეზონში 8 სერია იქნება, რომლის სრულყოფაზე „ბურთულას“ გუნდი იმუშავებს.