მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი ავტომობილის რეექსპორტისთვის საფასური 150 ლარით გაიზრდება - შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები ძვირდება

შსს-ს მომსახურების სააგენტო

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები ძვირდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დააინიცირეს.

კერძოდ, მნიშვნელოვნად იზრდება საექსპერტო შემოწმებისთვის, აგრეთვე საბაჟო დეკლარაციის შევსებისთვის ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის მომსახურების საფასური. საექსპერტო შემოწმება როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ, ასევე, მის ფარგლებში იზრდება 70 ლარით, ხოლო საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა იზრდება 80 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით, რეექსპორტისთვის განკუთვნილ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე საფასური ჯამში 150 ლარით იზრდება.

უფრო დეტალურად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანახმად:

  • ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური, ნაცვლად 30 ლარისა, განისაზღვრება 100 ლარით;
  • სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების შესაბამისი აქტის შედგენით, საფასური 60 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 130 ლარით;
  • ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის საფასური, ნაცვლად 50 ლარისა, განისაზღვრება 130 ლარით.
  • პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალების საექსპერტო შემოწმების შესაბამისი აქტის შედგენით, ღირებულება მცირდება 30 ლარით, შესაბამისად საფასურად განისაზღვრება 100 ლარი.
  • თუ სააგენტო უარს განაცხადებს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების განხორციელებაზე, დაინტერესებული პირი ვალდებული იქნება სატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმების მიზნით წარმოადგინოს სააგენტოში, რისთვისაც პირი ვალდებული იქნება გადაიხადოს მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები აუცილებელია მომსახურების სააგენტოს მიერ საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის. გაზრდილი მიმართვიანობიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტოში დაგეგმილია კადრების რაოდენობის გაზრდა.

კანონპროექტის თანახმად, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, სერვისების გაძვირების შედეგად სააგენტოს შემოსავალი დაახლოებით 15 000 000 ლარით გაიზრდება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წერები: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

მიღების შემთხვევაში, ცვლილებები ამოქმედდება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან. ამასთან, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები