საქართველოში პირველი ლოკოკინების ფერმა ახალციხეში, სოფელ მუსხში მდებარეობს. ლალი ცუხიშვილმა ოჯახურ პირობებში ლოკოკინების მოშენების იდეა ბიზნესად მეორე წელია აქცია. იდეის განხორციელებაში მას "მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა" დაეხმარა. 5 000 ლარიანი გრანტით ფერმერმა 1000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ლოკოკინები გააშენა. როგორც ფერმერი "საქმის კურსთან" აცხადებს, ერთი წლის განმავლობაში, მათ 100 კილომდე მოლუსკის მოშენება შეძლეს. ცუხიშვილის თქმით, ლოკოკინის ძირითადი მომხმარებელი მოსახლეობაა, თუმცა დიდია ინტერესი სარესტორნო ბიზნესის მხრიდან, თუმცა ამ ეტაპზე წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ფერმერი ამბობს, რომ თუ გასულ წელს ერთი კილოგრამი ლოკოკინის სარეალიზაციო ფასი 15 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობდა, წელს ერთი კილოგრამი მოლუსკის რეალიზება 40 ლარად შეძლეს.
"რესტორნებიდან არის ინტერესი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დავაკმაყოფილეთ მოთხოვნა. გაფართოების შემთხვევაში ამას შევძლებთ. ლოკოკინა წელიწადში ერთხელ დებს კვერცხს, მაგრამ კარგ პირობებში ორჯერაც ასწრებს დადებას. წელიწადში 100 კილომდე მოლუსკი შეგვიძლია ვაწარმოოთ. გაფართოვების შემთხვევაში 400-500 კილომდე ლოკოკინის მოყვანა შევძლებთ. ჯერჯერობით ორიენტირებული ვართ გამრავლებაზე", - აცხადებს ფერმერი.
სამცხე-ჯავახეთში ლოკოკინა ერთ-ერთი პოპულარული საკვები პროდუქტია და აგრარულ ბაზარზე მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ლოკოკინის პირველი ქართველი მწარმოებელი აცხადებს, რომ შესაბამისი ფინანსური რესურსის გაჩენის შემთხვევაში გეგმაში აქვთ გაფართოება, რათა ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეძლონ