კომერციული ბანკების ლიცენზირების შესახებ წესში ცვლილებები შევიდა. კერძოდ ცვლილება შეეხება ერთი კომერციული ბანკის მიერ მეორის მიერთების წესებს: ბანკებს აღნიშნული ქმედებისას სხვა მოთხოვნებთან ერთად მარეგულირებლისთვის კომერციული ბანკების საერთო კრების გადაწყვეტილების წარდგენაც ევალებათ მიერთების თაობაზე. ამასთან, ბანკების მიერთებისას ბანკმა უნდა წარადგინოს ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების (ბალანსები, ანგარიშგებები) პროექტებს ერთი ბანკის მიერთებისას მეორეზე.
დოკუმენტების განხილვის შემდგომ არაუგვიანეს ერთი თვისა ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს ბანკს.
ბანკების მიერთების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიერთებული კომერციული ბანკის საბანკო საქმიანობის ლიცენზია ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო იმ კომერციული ბანკის საბანკო საქმიანობის ლიცენზია, რომელმაც მიიერთა მეორე –უცვლელი რჩება.
კომერციული ბანკის გაყოფა ორ ან რამდენიმე კომერციულ ბანკად განიხილება როგორც ახალი კომერციული ბანკების წარმოქმნა და შესაბამისად მათი ლიცენზირება უნდა მოხდეს ამ წესისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად.

























