BEKO საქართველო, ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებშიც 2024 წლის I კვარტალში თურქეთიდან ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო. როგორც "BEKO საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, მეჰმეთ მელექი BM.GE-სთან განმარტავს, ინვესტიციის უდიდესი ნაწილი საქართველოში BEKO-ს მაღაზიების გახსნას ხმარდება.
"ყველაზე დიდი ინვესტიცია მაღაზიების გახსნაში ჩავდეთ. ეს ადვილი არ არის, ერთი მაღაზიისთვის 100-150 ათას დოლარი მხოლოდ სარემონტოდ გვჭირდება, დაახლოებით ამდენივე ინვესტიციას საჭიროებს სტენდების მოწყობა და მაღაზიის პროდუქციით გავსება, ამიტომ, 400 ათას დოლარამდე ინვესტიციას მხოლოდ ერთი მაღაზიის გახსნაში ვდებთ.
ამ პერიოდში (1 წელიწადში) 7-მდე მაღაზია გავხსენით. შესაბამისად გამოდის, რომ ჩადებული ინვესტიცია, დაახლოებით, 2.8 მილიონი დოლარია,"- განმარტავს მეჰმეთ მელექი.
BEKO-ს გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ბრენდის მაღაზიებით საქართველოს რეგიონების 90% უკვე დაფარულია და, წლის ბოლომდე, კიდევ რამდენიმე მაღაზიის გახსნა იგეგმება.
"გავხსენით სამი მაღაზია, ზუგდიდში, სამტრედიაში და სენაკში. მიმდინარეობს ლანჩხუთში კიდევ ერთი ახალი მაღაზიის მოწყობის პროცესი. რეგიონების 90% უკვე შევსებული გვაქვს. დარჩა სულ რამდენიმე რეგიონი, მაგალითად, გარდაბანში ვეძებთ მაღაზიისთვის ფართს. თბილისშიც ვაპირებთ კიდევ სამგორში, ახალ სავაჭრო ცენტრში ერთი მაღაზიის გახსნას, სავარაუდოდ სექტემბრიდან. ბათუმშიც საკმაოდ ძლიერები ვართ და კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას ამ ქალაქში, წლის ბოლომდე", - აღნიშნავს "BEKO საქართველოს" გენერალური დირექტორი.
გარდა ამისა, მეჰმეთ მელექის თქმით, “ბეკომ” ქართულ ბაზარზე თურქული საოჯახო ტექსტილის, Ozdilek-ის ბრენდის პროდუქცია შემოიტანა. შვილობილი კომპანიის მაღაზიები უკვე გაიხსნა თბილისში, გორსა და ბათუმშიც.