ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია აცხადებს, რომ მოსაზრება, რომ საქართველოში ზედმეტად ბევრი სტუდენტია, მითია. მისი თქმით, ეს მითი, ალბათ არასოდეს შეესაბამებოდა რეალობას. ზედანიას ამ მითის გასაქარწყებლად სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები მოჰყავს.
"ერთი მავნებლური მითია დასანგრევი - თითქოს საქართველოში ზედმეტად ბევრი სტუდენტია, "ყველა უნივერსიტეტში სწავლობს", "დიპლომი უნდა ყველას, არადა თოხი უნდა ეჭიროს ხელში".
არ ვიცი, ეს მითი ოდესმე თუ შეესაბამებოდა რეალობას. ალბათ არა. მაგრამ დღეს ის უეჭველად ყალბია. და ზიანს აყენებს საზოგადოებას. საქართველოში სტუდენტების რაოდენობა დღეს არის 187 000, რაც, მოსახლეობის შესაბამის კოჰორტასთან შეფარდებული, გვაძლევს 78%. 78 პროცენტს! "აუ, რამდენია?!" სულაც არა. პირიქით.
აი, გლობალური მონაცემები:
საბერძნეთი - 167%
თურქეთი -128%
ავსტრალია - 106%
ფინეთი - 105%
სამხრეთ კორეა - 103%
სინგაპური - 98%
ნორვეგია - 98%
ჰონგ კონგი - 97%
ავსტრია - 95%
ესპანეთი - 95%
ლატვია - 91%
ისლანდია - 85%
დანია - 85%
ბულგარეთი - 84%
შვედეთი - 84%
ბელგია - 84%
სლოვენია - 82%
ხორვატია - 81%
დიდი ბრიტანეთი - 80%
აშშ - 79%
საქართველო - 78%
გერმანია - 77%
კანადა - 77%
ლიტვა - 77%
ირლანდია - 77%
ურუგვაი - 76%
პორტუგალია - 76%
პოლონეთი - 75%
შვეიცარია - 74%
იტალია - 74%
ჩინეთი - 72%
ესტონეთი - 71%
საფრანგეთი - 71%
(ამ მონაცემს ჰქვია ჩარიცხვის მთლიანი კოეფიციენტი (Gross Enrollment Ratio), რომელიც აჩვენებს, რამდენი სტუდენტია ჩარიცხული უმაღლესი განათლების საფეხურზე, იმ მოსახლეობასთან შედარებით, რომელიც ასაკით ოფიციალურად ეკუთვნის ამ საფეხურს).
სამაგიეროდ რუსეთშია ეს მონაცემი სულ რაღაც 54%. და ტანზანიაში - საერთოდაც 5%. ჰოდა, რას ვიღებთ სამიზნედ? აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში საერთაშორისო სტუდენტთა საერთო რაოდენობა 20%, რაც ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩინეთსა და აშშ-ში, და ცოტა უფრო მაღალი, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთში. ბრიტანეთი გვისწრებს თავისი 25%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საერთაშორისო სტუდენტებს გამოვაკლებთ, ჩვენს ქვეყანაში დაბადებულ-გაზრდილი სტუდენტების რაოდენობით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს (ევროპულსაც და არაევროპულსაც, დასავლურსაც და არადასავლურსაც) ჯერ კიდევ უნდა დავეწიოთ ცოტათი. ამიტომ სტუდენტების რაოდენობის შემცირება ყალბ წარმოდგენებზე დამყარებული, დამაზიანებელი და მავნებლური პოლიტიკაა", - წერს გიგა ზედანია.



























