მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ერთი პიროვნების მმართველობა ვერასდროს აჯობებს მრავალმხრივი მმართველობის სისტემას" - ჟანა ჩიქოვანი

ჟანა ჩიქოვანი

"ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს პირველი, ვინც გააკეთებს კომენტარებს და მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს იმასთან დაკავშირებით, ნორმები, რომლებსაც ვიღებთ, ზღუდავს თუ არა ადვოკატებს უფლებამოსილების განხორციელებაში" - ასე აფასებს "საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის" (სიფა) წევრი და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოს წევრობის კანდიდატი, ჟანა ჩიქოვანი როგორც ასოციაციის, ასევე მისი თავმჯდომარეობის კანდიდატების დუმილს, "ქართული ოცნების" მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე.

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა, ადვოკატისთვის აზრის დაფიქსირება არა პოლიტიკური პოზიციონირება, არამედ - პირდაპირი მოვალეობაა.

"კანონმდებლობის შეფასება არ არის ადვოკატთა ასოციაციის არჩევანი და პოლიტიკური განცხადება. ეს არის ვალდებულება, იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანი, როცა ადვოკატი ხდება, დებს ფიცს, იგი დაიცავს კონსტიტუციას და ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერ კანონს. სწორედ ამიტომ, ადვოკატთა ასოციაციის უმნიშვნელოვანესი ვალდებულება და ფუნქციაა ის, რომ მინიმუმ მკაფიო განცხადებებით პოზიციონირდეს.

კითხვაზე პასუხი - თუ გულისხმობს და რამდენად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ის ცვლილებები, რაც ჩვენ კანონმდებლობაში მივიღეთ - რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკური განცხადება და რასაკვირველია, ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს პირველი, ვინც გააკეთებს კომენტარებს და არა მხოლოდ, არამედ მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს იმასთან დაკავშირებით, ეს ნორმები, რომლებსაც ვიღებთ, ზღუდავს თუ არა ადვოკატებს უფლებამოსილების განხორციელებაში, რაც მოქალაქეების ინტერესების დაცვას გულისხმობს", - ამბობს სიფა-ს გუნდის წევრი.

ჟანა ჩიქოვანი ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოს წევრობაზე იყრის კენჭს არჩევნებში, რომლებიც 14 დეკემბერს ჩატარდება. ის BMG-ის ეთერში აღნიშნავს, რომ როგორც თავად კანდიდატის, ასევე სიფა-ს მიზანია, ადვოკატთა ასოციაციას მმართველთა კომპლექსური ჯგუფი ჰყავდეს, რათა არ არსებობდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების რისკი.

"შეფასება, თუ რამდენად შეიძლება რომელიმე კანონი კონსტიტუციურობასთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში, ან რამდენად ხელს გვიშლის, ან ხელს გვიწყობს, რომ მოქალაქის შელახული უფლება დავიცვათ... თუ ეს ფუნქცია მოვხსენით ადვოკატთა ასოციაციას და ვთქვით, რომ ეს არ არის მისი ვალდებულება, მაშინ ვინ უნდა განაცხადოს პირველ რიგში ამის შესახებ?!

ჩანს გამოხატვის უფლების შეზღუდვის რისკი და ზუსტად ამიტომ ვისურვებდი, რომ ყველამ, ვინც არჩევნებში ახლა მიიღებს მონაწილეობას, კარგად გაიაზროს ის, რომ ერთი პიროვნების ქვეშ გაერთიანებული ჯგუფის წევრების მმართველობა ვერასდროს აჯობებს მრავალმხრივი, ანუ კომპლექსური მმართველობის სისტემას. ვგულისხმობ იმ ძირითადი პრინციპების ირგვლივ გაერთიანებულ გუნდებს, ვისთვისაც კანონის უზენაესობა არის ამოსავალი. ყოველთვის აჯობებს, კომპლექსური გუნდით დაკომპლექტებული ჯგუფის მმართველობა, იმიტომ რომ მათ მოუწევთ ერთმანეთის ინტერესების თუ პოზიციის გათვალისწინება და იქ უკვე თავმჯდომარეს არ ექნება დიდი უფლებამოსილება და ვერ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას", - ამბობს ჟანა ჩიქოვანი.

ცნობისთვის, სიფა-ს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში ერთვება და საბჭოებსა და კომისიებში 19 კანდიდატს წარადგენს. როგორც თავად ამბობენ, სიფა-ს მიზანია შეიქმნას გარემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიურად და არა ერთპიროვნულად. ორგანიზაცია არ წარადგენს თავმჯდომარეობის კანდიდატურას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები