მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი”- სახელმწიფო უნივერსიტეტებში შტატებს შეამცირებს - თსუ-ის ლექტორი

თსუ

ინიციატივა „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მტკივნეული პროცესი იქნება, რაც პირველ რიგში კადრებს შეამცირებს - ამის შესახებ თსუ-ის ასოცირებული პროფესორი და განათლების ექსპერტი ირინა დარჩია “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისი განმარტებით, პროგრამებისა და ფაკულტეტების რაოდენობის შეზღუდვას, ავტომატურ რეჟიმში მოჰყვება როგორც ადმინისტრაციული და დამხმარე, ისე აკადემიური და მოწვეული პერსონალის შემცირება. პროფესორის შეფასებით, რეფორმა უარყოფითად აისახება სტუდენტებზეც, რადგან შემცირდება ვაკანსიების რაოდენობა და შესაბამისად, შეიზღუდება უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

“ეს იქნება ძალიან მტკივნეული. პირველ რიგში თვითონ ამ უნივერსიტეტებისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, ვინაიდან ეს შტატების შემცირებას გამოიწვევს. როდესაც მცირდება პროგრამების თუ ფაკულტეტების რაოდენობა, ამას ავტომატურ რეჟიმში მოჰყვება ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შემცირება.

შემცირდება სტუდენტებისთვის განკუთვნილი ვაკანსიების რაოდენობაც. ანუ კვლავაც შეიზღუდება უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვადასხვა უნივერსიტეტში გვქონდეს ერთი და იგივე საგანმანათლებლო პროგრამა, მეტ-ნაკლებად თითოეულ პროგრამას მაინც აქვს ხოლმე თავისი პროფილი, თავისი ტრადიცია, თავისი ნიშა დღეს უმაღლეს საგანმანათლებლო ბაზარზე. ეს ინდივიდუალობაც დაიკარგება.

ასევე სტუდენტებს შეეზღუდებათ არჩევანი. სტუდენტს აღარ ექნება საშუალება, რომ აირჩიოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის კონკურენცია შემცირდება და კონკურენციის შემცირება ყოველთვის უარყოფითად აისახება სწავლების ხარისხზე”, - ამბობს განათლების ექსპერტი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია.

ცნობისთვის, ოცნების უმაღლესი განათლების რეფორმის მიხედვით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იყოს შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები