მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი" შემოსავლების KIU-ში გადატანას ემსახურება - ექსპერტი

ქეთი ცოტნიაშვილი

"ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის" პრინციპი თბილისის უნივერსიტეტების ხელოვნურ დასუსტებას და შემოსავლების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადატანას ემსახურება, – ამის შესახებ უმაღლესი განათლების ექსპერტმა ქეთი ცოტნიაშვილმა BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, რეფორმის ფარგლებში ვითარდება სქემა, რომლის მიხედვითაც თბილისში სტუდენტთა რაოდენობის თითქმის ორჯერ შემცირება, ხოლო ქუთაისში ხელოვნურად გაზრდა მოხდება, რაც პირდაპირ უკავშირდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაძლიერებას.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, რომელიც თავიდან როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შეიქმნა, უკვე გამოაცხადა ვაკანსიები ჰუმანიტარულ მიმართულებებზე. ეს ძალიან მკაფიო სიგნალია, რომ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი შეიძლება შეუერთონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და აკადემიური პერსონალი იქ გადაიყვანონ“, – აცხადებს ცოტნიაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტუდენტები, განსაკუთრებით სამედიცინო მიმართულებებზე, უმაღლესი განათლების სისტემისთვის ძირითადი შემოსავლის წყაროა, ხოლო ახალი რეფორმა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებს საერთაშორისო სტუდენტების მიღებას შეუზღუდავს, სწორედ ამ სეგმენტში ადგენს შეზღუდვებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის.

„სახელმწიფო უნივერსიტეტებს საერთაშორისო სტუდენტების მიღებას უკრძალავენ, მაგრამ ამავე დროს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკვე დაამატა ინგლისურენოვანი სამედიცინო პროგრამა ნეაპოლის უნივერსიტეტთან ერთად. ფაქტობრივად, იქ ჩნდება ის "გამონაკლისი", რომელიც უნივერსიტეტს აძლევს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლებას. ეს ნიშნავს, რომ წლობით ჩამოყალიბებული შემოსავალი თბილისიდან ქუთაისში გადავა“, – აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, ეს არა განათლების სისტემის დეკონცენტრაციას, არამედ კონკრეტული უნივერსიტეტის ეკონომიკური გაძლიერების ხელოვნურ მცდელობას ჰგავს: „თბილისის უნივერსიტეტებმა წლების განმავლობაში ააშენეს ქვეყნის რეპუტაცია როგორც ხარისხიანი სამედიცინო განათლების ცენტრმა. ახლა კი, მათ ამ შესაძლებლობას ართმევენ და შემოსავალი მთლიანად ქუთაისში გადააქვთ - სწორედ რეფორმის საბაბით“.

ცოტნიაშვილის შეფასებით, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტის პრინციპის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია, თბილისის ცენტრალურ უბნებში არსებული უნივერსიტეტების შენობების გაყიდვა და მათი რუსთავში გადატანა: „კონცეფცია როგორც კი დამტკიცდა, პრემიერმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო რუსთავის ინფრასტრუქტურულ დაგეგმარებას დაიწყებს. ეს მიანიშნებს, რომ უნივერსიტეტების გაყვანა ქალაქის ცენტრიდან და მათი შენობების რეალიზაცია არის რეფორმის ეკონომიკური საფუძველი“.

ექსპერტი ასევე აკრიტიკებს რეფორმის კონცეფციას, რომელიც, ოფიციალური განმარტებით, დასაქმების ბაზრის საჭიროებებს უნდა ემყარებოდეს. მისი თქმით, შესაბამისი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, მაშინ როცა 2026 წლის თებერვლამდე უკვე უნდა იყოს განსაზღვრული სტუდენტთა მიღების კვოტები.

„ეს ნიშნავს, რომ ბაზრის კვლევა არ ყოფილა, მაგრამ კვოტები უკვე უნდა განისაზღვროს. წარმოდგენილი მიდგომა ძალიან პრიმიტიულია - თითქოს უნივერსიტეტები მხოლოდ მოკლევადიან მოთხოვნებს უნდა მოერგონ“, - აცხადებს ის და დასძენს, რომ ასეთი ხედვა უმაღლესი განათლების მიზნებს სრულიად აცდენილია.

მისი თქმით, დღევანდელი რეფორმის გათვლები მოკლე ვადაში არასწორია და გრძელვადიან პერსპექტივაში საზიანო: „ეს არ არის განათლების სისტემის გაძლიერება. ეს არის პოლიტიკურ-ეკონომიკური გადაწყობა, რომელიც უნივერსიტეტებს ასუსტებს, აკადემიურ კულტურას აზიანებს და ქვეყნის განვითარების ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები