მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთი წლის განმავლობაში ნედლეული დაახლოებით 20%-მდე გაძვირდა - „ნინოს მშრალი ხილი"

ნინოს მშრალი ხილი

ქართული ტრადიციული ნუგბარის მწარმოებელი „ნინოს მშრალი ხილის“ დამფუძნებელი ნინო გაბრიაძე BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" აცხადებს, რომ ჩირის იმპორტის გაძვირება, გაძვირებულმა ნედლეულმა განაპირობა.

ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოში ჩირის იმპორტი გაძვირდა - ერთი კილოგრამი ჩირის შემოტანა 1 დოლარად და 28 ცენტად იყო გასულ წელს შესაძლებელი, ახლა უკვე 3 დოლარი და 14 ცენტი ჯდება.

მეწარმის თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძვირდა ნიგოზი, რომელიც პროდუქციის მთავარი ინგრედიენტია, რაც პირდაპირ აისახა თვითღირებულებაზე და მცირე ფასის კორექტირებაც გამოიწვია. გაბრიაძის განცხადებით, ხარჯების ზრდის მიუხედავად, ის ცდილობს ფასები მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

„ყველაფერი, რაც ჩემს საქმიანობაშია, იქნება ეს ნიგოზი თუ სხვა ინგრედიენტი, ქართულს ვყიდულობ და ყველაფერმა მოიმატა. გასულ წელთან შედარებით, რა თქმა უნდა, გაძვირებულია. დაახლოებით 10–20%-ით მაინც არის გაზრდილი ფასები ერთი წლის განმავლობაში“, - ამბობს ის.

რაც შეეხება მოთხოვნას, მისივე თქმით, მიუხედავად ფასების ზრდისა, პროდუქციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა და პირიქით, მზარდიც არის. მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი ადგილობრივია, განსაკუთრებით აჭარაში, ხოლო ზაფხულის სეზონზე, ტურისტების ზრდის ფონზე, მოთხოვნა მნიშვნელოვნად იმატებს.

„მოთხოვნა სულ არის. მე მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობ. ალბათ ფასიც განაპირობებს, მაგრამ არ ვცდილობ პროდუქცია გავაძვირო. მომხმარებელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება, რაც ძალიან მახარებს“, - აღნიშნავს გაბრიაძე.

მისივე თქმით, ბიზნესი მუშაობს როგორც საცალო, ისე საბითუმო მიმართულებით - პროდუქცია მიეწოდება სასტუმროებსაც და სხვადასხვა ობიექტს. პარალელურად, კომპანიას იმპორტირებულ ნიგოზზეც უწევს დამოკიდებულება, რადგან ადგილობრივი პროდუქტი მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს.

„იმპორტირებული ნიგოზი უფრო იაფია, მაგრამ ქართულს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა რაოდენობა არ არის საკმარისი და ამიტომ, გარკვეულწილად იმპორტზეც ვართ დამოკიდებული. ძალიან მინდა და ვცდილობ რომ წარმადობა გავზარდო. პატარა გეგმები მაქვს და იმედი მაქვს განვახორციელებ. საგრანტო პროგრამების მხარდაჭერით დავიწყეთ საქმიანობა და ძალიან დაგვეხმარა, თუმცა ახლა გარკვეული სირთულეებია“, - აცხადებს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები