ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით - 14 778 განაცხადი.
ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 503 989 პირის შესახებ მონაცემები.
დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.
"თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge - ვებგვერდის საშუალებით.
ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://videocall.rs.ge/",- იტყობინება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.