მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიულ პროექტს" - დარჩიაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობს

დარჩიაშვილი აზერბაიჯანი

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენთვის არამხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ სანდო სტრატეგიული პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თბილისში, დღეს გაიმართა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთიერთობების ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა გამორჩეულ ხასიათს ატარებს და ეტაპობრივად ახალ დადებით განზომილებებს იძენს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისათვის.

მინისტრებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ, მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა:

„არაერთხელ დაგვიმტკიცებია, და კვლავ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის კონსტრუქციულ კომუნიკაციას და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კუთხით", - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, რეგიონის ჭრილში, განხილული იქნა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობაზე აღნიშნულ პროექტში. ასევე, აღინიშნა საქართველოს ინიცირებული ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა ჩვენი რეგიონის დაკავშირებადობის და „შუა დერეფნის“ ფუნქციის გაზრდის საქმეში.

„ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა და ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება და ხელს შეუწყობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის ზრდას", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ერების საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე ასევე გამოიხატა მზაობა რეგულარული შეხვედრების გაგრძელების, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით.

2024 წლის 27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები