ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორება დაიწყო.
საგამოცდო ნაშრომების გასწორება საგამოცდო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს. პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორებით დაიწყო.
საგამოცდო ნაშრომები სწორდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker).
"ელექტრონული გასწორება სრულიად გამორიცხავს ნაშრომის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. პროცესი ანონიმურობასა და კონფიდენციალობას სრულად უზრუნველყოფს. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება", - განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას ივლისის ბოლოდან ეტაპობრივად დაიწყებს.

























