2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2 000 აბიტურიენტის საჩივარი შევიდა, ყველაზე მეტი – ქართულსა და უნარებში. რას ეხება ძირითადი პრეტენზიები და როდის გახდება ცნობილი აპელაციის შედეგები, - თემაზე "საქმიან დილასთან“ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე საუბრობს.
- ქალბატონო სოფო, ძირითადად რა სახის პრეტენზიებია შემოსული?
- სტანდარტულად ადამიანს თავისი შედეგის გასაჩივრება თითოეულ, ცალკეულ დავალებაში შეუძლია. არ არის აუცილებელი მთელი დავალება და ნაშრომი გაასაჩივროს, არამედ კონკრეტული დავალება, სადაც ხედავს, რომ შეფასება არაადეკვატურია. სისტემა ძალიან გამჭვირვალეა, აბიტურიენტები საკუთარი პასუხების ფურცელს ხედავენ და ამის პარალელურად მათ შეუძლიათ თითოეული ტესტის სწორი პასუხები და შეფასების სქემები იხილონ და იმსჯელონ სად არის შეფასება არასწორი.
- ყველაზე მეტი პრეტენზია რომელ საგანშია შემოსული?
- ქართულ ენასა და ლიტერატურაშია ყველაზე მეტი ღია დავალებაა, სადაც ადამიანი თავად წერს პასუხს. ცხადია, ღია დავალებები ბევრი გვაქვს. ჩვენ ძალიან ზუსტი შეფასების სქემები გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამსწორებლები ადამიანები არიან და ადამიანური შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. უნარებს კომპიუტერი ასწორებს. პარადოქსულია, რომ მეორე ადგილზე განცხადებების რაოდენობით უნარებია. 400-ზე მეტი განაცხადია ზოგადი უნარების ტესტთან დაკავშირებით. უცნაურია, მაგრამ როგორც ჩანს არ ენდობიან კომპიუტერს. კომპიუტერი ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს არ შემცდარა. 2005 და 2006 წლებში გვქონდა მხოლოდ პრეცენდენტები, როდესაც ადამიანებმა სტანდარტული ფრაზა, რომელიც გადასატანია იმისათვის, რომ ჩვენი ხელწერა დაფიქსირდეს არ დააფიქსირეს და პასუხების ფურცელი უბრალოდ არ გასწორდა. მას შემდეგ, რაც მათ გამოთქვეს სურვილი, რომ აღნიშნული პასუხების სურვილი ნამდვილად მათი იყო, პასუხები გასწორდა და შესაბამისად ქულა შეიცვალა. მას შემდეგ არასოდეს გვქონია პრეცენდენტი.
ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, რომ ზოგად უნარებს მანქანა ასწორებს და ის არასოდეს ცდება, მაგრამ აბიტურიენტები თვითონ პირველები არიან და ამ თვალსაზრისით მაინც აქვთ განცდა, რომ რაღაც შესაძლოა შეიცვალოს.
- იცვლება თუ არა შედეგი გასაჩივრების შემდეგი, არის თუ არა შანსი იმისა, რომ აბიტურიენტს რამდენიმე ქულა მოემატოს?
- რა თქმა უნდა. აპელაციის პროცესი სწორედ ამიტომაც არსებობს, რომ შედეგი შეიცვალოს. როდესაც ადამიანი არგუმენტირებულ განაცხადს აკეთებს, ის თავის პასუხებსა და სწორ პასუხებს ხედავს, დასაბუთებულად შეუძლია თავისი შედეგის გასაჩივრება, შესაბამისად, არის რა თქმა უნდა, ქულის მომატების პრეცენდენტები, თუმცა სამწუხაროდ ნაკლებად, მაგრამ მაინც არსებობს ქულის დაკლების პრეცენდენტიც და ადამიანებმა ეს გასაჩივრების პროცესში უნდა გაითვალისწინონ და იმედი მაქვს, რომ ითვალისწინებენ კიდეც ამ რისკს, რომ შესაძლოა ქულა ქვემოთ წამოვიდეს. საჩივარი არგუმენტირებული და დასაბუთებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ამ ნაშრომის ხელახლა გასწორებაა და თუ ეს ნაშრომი იმ ქულასაც ვერ იმსახურებს, რაც უკვე ქონდა, შეიძლება ქულა დაიწიოს.
- ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტები რომელია?
- ძალიან რთულია ამის თქმა რადგან 11 აგვისტომდე აბიტურიენტს თავისი რეიტინგული ჩამონათვალის შეცვლა შეეძლო. შარშანდელი მონაცემები გვაქვს და ვიცით, რომ ლიდერი იყო ბიზნეს ადმინისტრაცია, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები, ჟურნალისტიკაც ერთ-ერთი ლიდერი მიმართულება იყო. ძალიან პოპულარულია მედიცინა და უფასო მიმართულებები ელექტრო ინჟინერია და სამშენებლო მიმართულებები.
- აპელაციების გასწორების პროცესი როდის დასრულდება?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დავალებაა გასაჩივრებული თითოეულ ნაშრომში. მაგალიტად თუ ვიცით, რომ 500 ნაშრომია გასაჩივრებული, მაგრამ ამ 500 ნაშრომში რამდენი დავალებაა გასაჩივრებული ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული და ზუსტად ვერ ვამბობთ გასწორების პროცესი როდის დამთავრდება. სავარაუდოდ საბოლოო შედეგები და ასევე ჩარიცხვები ალბათ აგვისტოს ბოლო დღეებისთვის, 25-ის შემდეგ გვექნება. მე მესმის აბიტურიენტების, მაგრამ ჩვენგანაც დაძაბული მოლოდინია და არანაკლებ გვინდა, რომ ეს პროცესი სწრაფად დასრულდეს.

























