მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ერთმნიშვნელოვანია, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებითაა გამოწვეული"

5b72906c0845b
თელარა გელანტია
14.08.18 12:17
1015
PMC კვლევითი მიმართულების დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ბოლო პერიოდში გაუფასურების მიმართულებით ეროვნული ვალუტის რყევების ძირითადი მიზეზი საგარეო ფაქტორებია.

ამის შესახებ ხიშტოვანმა bm.ge-ის ლარის კურსის რყევების მიზეზის კომენტირებისას განუცხადა.

„ამ ეტაპზე შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება გარე ფაქტორებით არის გამოწვეული; კონკრეტულად კი, თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია, რომელიც როგორც წესი, ყოველთვის ხდება, როცა დიდი სავაჭრო პარტნიორი და ამავდროულად შენი მეზობელი ქვეყანა ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზეა და ეს იწვევს ეროვნული ვალუტის გაუფასურებასაც. ეს აიხსნება იმით, რომ ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებზე დიდი მოთამაშეები თავის დაზღვევის მიზნით, სავარაუდოდ, ლარიდან გადადიან დოლარში ანუ თავიანთი რეზერვების ნაწილს ადოლარებენ, რაც თავის მხრივ, იწვევს მცირე შოკს, რომელსაც როგორც წესი, მოსახლეობაში პანიკა მოჰყვება. შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანია ორი რამე - დავაკვირდეთ რა ხდება თურქეთში და თუ ის გაგრძელდა კრიზისი, მოსალოდნელია, რომ ეს აისახოს ლარზე და აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უნდა იყოს ყურადღებით“, - აცხადებს ხიშტოვანი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაციის წარმოება მთავრობის და ეროვნული ბანკის მხრიდან, რომ ეს რყევები ერთმნიშვნელოვნად გარე შოკითაა გამოწვეული და მოსახლეობა უნდა დამშვიდდეს.

„შეიძლება ეს კურსი რაღაც პერიოდში შენარჩუნდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ვალუტის პანიკური შესყიდვების საფუძველი, რაც თავის მხრივ, დამატებით იწვევს არაგააზრებულ, პანიკურ და არარაციონალურ გაუფასურებას“, - აღნიშნა ხიშტოვანმა.

ცნობისთვის: ეროვნული ბანკის მონაცემებით, კდღეს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.56 ლარია.

სავალუტო ჯიხურებში კი, 1 დოლარის ღირებულება 2.59-2.62-ის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები