მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს აბსურდია - ბადრი ჯაფარიძე მის შესაძლო დაკავებაზე

5c77ef4064e47
BM.GE
28.02.19 18:21
1684
“აბსურდია, ეს აბსურდია, ამაზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ,”-ეს არის TBC ბანკის დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ თიბისის საქმეზე მორიგი ბრიფინგი გამართა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, თითოეული ის ტრანზაქცია და დეტალი, რაც პროკურატურამ გაავრცელა კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.

“მთავარი არის ის თუ სად წავიდა ეს ფული. სწორედ ამიტომ გვინდოდა კომიტეტზე მოგვეხსენებინა, პარლამენტარებისათვის, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. საბედნიეროდ ყველაფერი გამჭვირვალედ გვაქვს, არაფერი დასამალი არ გვაქვს. ეს სესხი, რომელიც ავიღეთ იქნა წარმართული კიდევ ერთხელ გავიმეორებ მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიმართ, ამ ჯგუფში შემავალი საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშზე და თიბისი ბანკის კაპიტალში და ასევე გერმანიის განვითარების ბანკში.

საზოგადოდ, მინდა ყველას შევახსენო, რომ საუბარია 2008 წელზე. ყველას ეს თითქოს დაავიწყდა, თითქოს 2008 წლის ბოლოს ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებაში. მე მინდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა ადამიანს მოვუწოდო, რომ გაიხსენოს 2008 წელი, გაიხსენოს რა მოხდა 2008 წელს საქართველოში, რა მოხდა 2008 წელს მსოფლიოს ეკონომიკაში. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც საქართველოს საბანკო სისტემა გადარჩა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. ეს იყო იმ დროს, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ბანკები გაკოტრდა, მათ შორის Lehman Brothers-ი, გაერთიანებული ირლანდიური ბანკი და სხვები. ამიტომ მე მინდა რომ ყველას მოვუწოდო, ობიექტური ანალიზი გააკეთონ გაუფრთხილდნენ ქვეყნის რეპუტაციას, გაუფრთხილდნენ ყველაზე წარმატებული ინდუსტრიის რეპუტაციას. 

ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ჩვენ მივედით პარლამენტში, ჩვენ კიდევ ერთხელ მივალთ პარლამენტში. 

მე მინდა გითხრათ, ანაკლიის პორტი ვითარდება, მას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის. მე უბრალოდ მინდა ყველას მოვუწოდო და შევახსენო, რომ ასეთი განცხადებები არის დამაზიანებელი. ეს არის არამხოლოდ იმ ადამიანების რეპუტაციის დამაზიანებელი, რომელთა მიმართაც არის ეს განცხადებები, არამედ თავად ინსტიტუტების მიმართაც არის დამანგრეველი და დამაზიანებელი,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები