„6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის საქართველოში განხორციელების გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქვეყანა საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება“ - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირების შესახებ.
დავითაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომ საქართველო საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება.
„ამას, რა თქმა უნდა, განაპირობებს ჩვენთან შექმნილი ხელსაყრელი, სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის კეთების გარემო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ამ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების მოტივატორი, თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მაღალ დონეზეა ორმხრივი თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ტურიზმის მიმართულებითაც“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა თქვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური მთავრობისა და თავად პრეზიდენტის უშუალო ჩართულობა იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კომპანიას აღნიშნული საინვესტიციო გადაწყვეტილება მიეღო. მისი თქმით, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ კერძო ინვესტიცია და ამ შემთხვევაში, აბუ-დაბის მთავრობაც აქტიურად იქნება წარმოდგენილი, როგორც ინვესტორი.
„ამ ინვესტიციით, ვფიქრობ, ახალ ეტაპზე გადადის, ზოგადად, ამ ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობა, ჩვენ ამისთვის ბევრი სამუშაო გავწიეთ. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო საქართველო, რომელმაც ე.წ ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან - ეს შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა გასულ წელს, ამის ერთ-ერთი გაგრძელებაა ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, რომელიც არის ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისი“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.