მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა" - თამთა მიქელაძე ანგარიშების დაყადაღებაზე

თამთა მიქელაძე

"სოციალური სამართლიანობის ცენტის" (EMC) ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას "ქართული ოცნების" მხრიდან ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციად აფასებს.

საქმე ისაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დღეს, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა. ეს ორგანიზაციები არიან: ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“ , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

როგორც თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, ბრალდებები აბსურდულია და ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ნიშნავს ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას.

"მეგობრებო, ვიცი, რომ ბევრი ხართ შეწუხებული იმით, რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავს.

დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ ანგარიშები დაყადაღებული იყო. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს ანტიკორუფციული ბიუროს პროცედურის ფარგლებში მოხდა.

თუმცა საბოლოოდ, პროკურატურის საჯარო განცხადებით გავიგეთ, რომ ჩვენი და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობით ე.წ. საბოტაჟის გამოძიების ფარგლებში დააყადაღა.

ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ მისი დასაბუთება ალბათ არც არის საჭირო, თუმცა ამაზე ვრცლად მოგვიანებით დავწერთ.

ამასთან, ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ნიშნავს ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას.

"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ჩვენ მოქალაქეების და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა ვეღარ გავაგრძელოთ და გავჩერდეთ. აღარ ვამხილოთ მათი დანაშაულები, უსამართლობა და აღარ ვაშენოთ სოლიდარობა საზოგადოების შიგნით.

ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის დედლაინამდე (31 აგვისტომდე) რამდენიმე დღით ადრე სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ცალკე დიდი საკითხია. პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა "ქართული ოცნების" მხრიდან და ამ პროცესის სრული საბოტაჟი",- აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები