რა დაკარგა საქართველომ OGP-დან გარიცხვით და არსებობს თუ არა პლატფორმაში დაბრუნების პერსპექტივა? - ამ საკითხზე გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა ისაუბრა.
OGP წარმოადგენს გლობალურ ინიციატივას, რომელშიც სახელმწიფო ინსტიტუტები და სამოქალაქო სექტორი რეფორმებზე თანაბარუფლებიან რეჟიმში მუშაობენ. ლევან ავალიშვილი განმარტავს, რომ საქართველო ამ პროცესებში 2011 წლიდან, პლატფორმის დაფუძნების დღიდან იყო ჩართული, ეს პროცესი კი ხელისუფლების ყველა შტოს მოიცავდა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში შექმნილი უნიკალური ინსტიტუციური მოდელი და უამრავი საჯარო მოხელის შრომა დღეს სრულად გადახაზულია: "ფაქტობრივად ამ საერთაშორისო პარტნიორობის დაფუძნების დღიდან, 2011 წლიდან ჩვენ, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციები, ჩართულები ვართ ამ პროცესში და გამოვიარეთ ძალიან ბევრი პრობლემა, ბევრი ბრძოლა, ბევრი ცვლილება, ბევრი მიღწევა და მთლიანობაში ინსტიტუციური მეხსიერება გვაქვს მთლიანად ამ პროცესში. ბოლომდე, ფაქტობრივად იქამდე, სანამ სამოქალაქო სექტორს გააუქმებდნენ საქართველოში, ამ პროცესში ვიყავით ჩართულები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს იზოლაცია, რომელშიც დღეს საქართველო არის მოქცეული საერთაშორისო დონეზე, უკვე ისეთ პლატფორმებსაც ეხება, რომელიც ერთ დროს ჩვენთვის სავიზიტო ბარათივით იყო. ფაქტობრივად უარს ვიძახით ყველა იმ მიღწევაზე, რაც ამ პერიოდში ამხელა შრომის ფასად დაგვიჯდა... აქ არ არის საუბარი მხოლოდ სამოქალაქო სექტორზე, უამრავი საჯარო მოხელე, თანამდებობის პირი - ყველა მონაწილეობდა ამაში და მთელი მათი შრომა არის გადახაზული მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის იზოლაციონიზმისკენ კურსის ცვლილება განხორციელდა", - აცხადებს ავალიშვილი.
მიუხედავად გარიცხვისა, OGP-ის წესდების თანახმად, ქვეყანას შეუძლია ორგანიზაციაში დაბრუნება, თუ ის კვლავ დააკმაყოფილებს დემოკრატიულ კრიტერიუმებს და დაამტკიცებს ღია მმართველობის დეკლარაციისადმი ერთგულებას.
კითხვაზე, რამდენად რეალისტურია OGP-ში საქართველოს დაბრუნება მოკლევადიან პერსპექტივაში, ავალიშვილი განმარტავს, რომ ეს რთული სათქმელია, რადგან მთავრობის ამჟამინდელი კურსი საერთაშორისო დინამიკას სრულად არის აცდენილი.
"საქართველო რთულ პოლიტიკურ კრიზისშია ეს ორი წელი, ეს ფაქტია, ამას ვერავინ გაექცევა. ხალხი აგრძელებს წინააღმდეგობას, არ გატყდა. საერთაშორისო ვითარებაც, ჩემი აზრით, იცვლება - ესენი [ხელისუფლება] ვერ უწყობენ ფეხს. ბევრი რაღაც შეიცვალა და ნორმალური ხელისუფლება მიხვდებოდა, რომ ასეთი პოლიტიკა უნდა შეცვალონ. იმიტომ, რომ ეს, საბოლოო ჯამში, ჩიხში შეიყვანს ქვეყანას... აქამდეც ვეუბნებოდით და დააზიანეს უკვე. მაგრამ კიდევ უფრო მეტად დაზიანდება ქვეყანა, თუ არ მოხდა მიდგომების გადახედვა.
ალბათ გამოსავალი არის წინააღმდეგობის გაგრძელება, რომელიც მერე აუცილებლად მოიტანს შედეგს. ეს არის ჩიხში სვლა და საბოლოო ჯამში, გზა გამოსავლის გარეშე. ადრე თუ გვიან მიხვდებიან ამას", - აცხადებს ლევან ავალიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ორგანიზაციაში წევრობის სტატუსი ჯერ კიდევ 2024 წლიდან ჰქონდა შეჩერებული, 22 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ქვეყანა პრესტიჟული საერთაშორისო პლატფორმიდან საბოლოოდ გარიცხეს. აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. "რუსული კანონის" მიღება და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მთავრობის მტრული რიტორიკა გახდა.




























