მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს არის იძულებითი მიმზიდველობა“ – ირაკლი ცანკაშვილი იმაზე, თუ როგორ შენარჩუნდეს შუა დერეფნის მიმზიდველობა მომავალშიც

ირაკლი

„ამ ეტაპზე ეს არის იძულებითი მიმზიდველობა, რადგან სხვა გამოსავალი ტვირთის მფლობელს უბრალოდ არ აქვს,“ – ასე აფასებს Logistics Solutions დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირაკლი ცანკაშვილი დღეს არსებულ რეალობას.

როგორც ცანკაშვილმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, შუა დერეფნის გააქტიურებას დღეს ის ფაქტორი განაპირობებს, რომ რუსეთიც და ირანიც საერთაშორისო სანქციებშია მოხვედრილი.

შარშან ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს იმისთვის, რომ ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. სხვა და სხვა გათვლებით, მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

Logistics Solutions დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის თქმით, იმისთვის, რომ ეს მიმზიდველობა მერეც შენარჩუნდეს ბევრი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. „თუ არ მოხდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თუ არ მოხდა ტარიფების დაწევა – ანუ თუ არ მოხდა გაუმჯობესება, რომ ეს იძულებით მოყვანილი ნაკადი გადავიდეს რეგულარულ, ლოიალურ კლიენტურაში – რა თქმა უნდა, ამას არანაირი შედეგი არ ექნება – ამბობს ირაკლი ცანკაშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – როგორც კი გაიხსნება ჩრდილოეთ დერეფანი, შუა აზიის ტვირთები ისევ იქითკენ გადამისამართდება იმ შემთხვევაში, თუ ეს მარშრუტი უფრო იაფი დარჩება. როგორც მინიმუმ ისინი არ დააკლებენ მცდელობას, რომ ეს ტვირთნაკადი დაიბრუნონ“.

„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის კითხვაზე – თავის დროზე რატომ არ ცდილობდა ან ვერ ახერხებდა ეს დერეფანი, რეალური კონკურენცია გაეწია ჩრდილოეთ დერეფნისთვის – Logistics Solutions დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს ცალსახა პასუხი არ აქვს.

„ვითომ ვერ მოვუგებდით კონკურენციაში? არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ვთვლი, რომ პოტენციალი ყოველთვის ჰქონდა ამ დერეფანს და ცოტა დაგვიანებულიც არის ახლა ამ ნაბიჯების გადადგმა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს,“ – ამბობს ირაკლი ცანკაშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები