მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის კარგი სარკე იმისათვის, რომ სახელმწიფომ დაინახოს, რა არის პრიორიტეტი" - მაია გუნცაძე RIA-ს აუცილებლობაზე

გუნცაძე

მონიტორინგის, შეფასების და სწავლების პროფესიონალთა ასოციაციის დამფუძნებელი, ეკონომისტი მაია გუნცაძე განმარტავს, რისთვის არის აუცილებელი ქვეყანაში გავლენის ანალიზის შეფასების, იგივე RIA-ს დანერგვა. როგორც ის "ანალიტიკასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, სწორედ RIA-ა ის ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს პრიორიტეტების დასახვაში ეხმარება.

"გავლენის ანალიზი არის კომპლექსური ინსტრუმენტი, რომელიც წინასწარ გაჩვენებს ამა თუ იმ რეფორმის, პოლიტიკის თუ პროექტის შედეგებს, მის ავკარგიანობას, მის გავლენას საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე, გარემოზე. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი სარკე იმისათვის, რომ დაინახოს სახელმწიფომ, რა არის პრიორიტეტი და როგორ შეიძლება მის მიერ განხორციელებული მოქმედებებით სარგებელი ნახოს ადამიანმა, მოქალაქემ, კერძო სექტორმა თუ სხვადასხვა დაინტერესებულმა ჯგუფმა. შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხი და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროგრამა, ნებისმიერი პროექტი, რომელიც ხორციელდება, ამ სტანდარტით უნდა იყოს დანახული.

ეს შეიძლება გამოიყენებოდეს დაგეგმვისას, როდესაც ჩვენ ვგეგმავთ ამა თუ იმ პროგრამას ან პროექტს, რათა დავინახოთ მისი დადებითი ან უარყოფითი შედეგები წინსწრებად და შესაბამისად მოვახდინოთ მისი კორექტირება, თუ ამის საჭიროება არსებობს; მეორე, თვითონ პროექტის მსვლელობისას, ანუ მონიტორინგის თვალსაზრისით დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს ეს პროცესი და გაამართლა მან თუ არა; და მესამე, ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე ვაფასებთ საბოლოო ზეგავლენას, მის ფართო ზეგავლენას საზოგადოებაზე და იმ სიკეთეს. ჩვენ შეიძლება ხშირად ვითვლით კანონებს, მაგალითად, მივიღეთ 10 ახალი ეკონომიკური კანონი. მაგრამ ჩვენ ძალიან იშვიათად ვზომავთ მის ზეგავლენას", - ამბობს მაია გუნცაძე.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად დაეხმარებოდა RIA საქართველოში არსებული გამოწვევების გადაჭრასა და მოგვარებას, მაია გუნცაძე აღნიშნავს, რომ, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა არ არსებობს, ის შეიძლება, ნაკლებად შედეგიანი იყოს.

"ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი და გახანგრძლივებული პოლიტიკური კრიზისი არის ის, რაც აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიას. ამ პროცესის დასრულება, პოლიტიკური კრიზისის დასრულების გარეშე რთულია. შესაბამისად, RIA, ანალიტიკური მეთოდების გამოყენება მართვისას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება - ყველაფერი აზრს იძენს და მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სახელმწიფო არის სტრატეგიულად ძლიერი, არაპოლარიზებული, ემსახურება ხალხს და ხალხის ინტერესები არის გათვალისწინებული.

ცხადია, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზეგავლენის შეფასება და ეს განვითარებულმა სამყარომ დიდი ხანია აღიარა. შესაბამისად, კრიზისულ პერიოდებში ასეთი ინსტრუმენტები მაშინ, როდესაც არ არსებობს, სამართლიანობის განცდა ან ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, შეიძლება ვერ იყოს იმ შედეგის მომტანი, როგორც ეს იქნებოდა დემოკრატიულ პროცესში ნორმალურ სახელმწიფოში", - ამბობს მაია გუნცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები